საგარეჯოში ლევან თედიაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ქალაქ საგარეჯოს კულტურის სახლის მცირე დარბაზში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლევან თედიაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი, საკრებულოს ტავჯდომარე, ალექსი გილაშვილი, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი,პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონები-დავით გობეჯიშვილი და შოთა ხაბარელი, ვეტერანი მოჭიდავე ავთანდილ მაისურაძე, ახლაგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენები, სპორტის გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები.
ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისათვის და დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლევან თედიაშვილი დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედლით და სეოკ-ის პრემიით. ლეგენდარულ მოჭიდავეს ჯილდო გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა.
ლერი ხაბელოვი: „ლევან თედიაშვილს განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ სპორტში. ის არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, დიდი ჩემპიონი, რომელსაც პატივს სცემს და აფასებს საჭიდაო სამყარო მთელს მსოფლიოში.
მან ჭიდაობის ქართულ სკოლას საყოველთაოდ გაუთქვა სახელი, ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები, არაერთგზის მოიპოვა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. მინდა ოლიმპიური კომიტეტის და ჩვენი სპორტული საზოგადოების სახელით მივულოცო მას ეს საიუბილეო თარიღი, ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა.“
ლევან თედიაშვილი დაიბადა 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში. თავისუფალი სტილით მოჭიდავე. XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ-თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ – სამბოში (1973). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) , სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 74). სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი.