ახალი ამბები

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მთავრობას ახალი შეთავაზებით მიმართავს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მთავრობა ახალი შეთავაზებით მიმართავს. ასოციაცია გამოდის ინიციატივით დაწესდეს ფქვილის იმპორტის ყოველთვიური კვოტა – 7000 ტონა.

შეთავაზება 3-პუნქტიანია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“შეთავაზების მიზანია:

1.პურის ქარხნების მიერ მასიური მოხმარების პურის ფასის (მათ შორის 10 თეთრით დაკლებული) გარანტირებულად შენარჩუნების უზრუნველყოფა ნებისმიერ პერიოდში ყველაზე დაბალ ფასად იმპორტირებული ფქვილის გარანტირებულად მიღების გზით. ამისათვის 7000 ტონა იმპორტირებული ფქვილი ყოველთვიური კვოტის ფარგლებში მიეწოდებათ უშუალოდ პურის ქარხნებს პირდაპირი მიწოდების გზით, აღნიშნული რაოდენობის იმპორტირებული ფქვილისათვის საიმპორტო საგადასახადო რეჟიმი არ შეიცვლება (დარჩება დღეს არსებული) ანუ არ დაექვემდებარება დამაბალანსებელი მოსაკრებლის გადახდას.

2.წისქვილკომბინატების ამუშავება და ქართული ხორბლის რეალიზაცია კვოტის ზემოთ იმპორტირებულ ფქვილზე დამაბალანსებელი გადასახადის შემოღების გზით.

შეთავაზების ძირითადი განსხვავება ასოციაციის წინა შეთავაზებისაგან;

წინა შეთავაზებისაგან განსხვავებულია მე -2 პუნქტი, კერძოდ დამაბალანსებელი მოსაკრებელი შემოდის არა მთლიანად ფქვილის იმპორტის მთელ მოცულობაზე, არამედ გამონაკლისს წარმოადგენს ყოველ თვეში იმპორტის საერთო მოცულობიდან 7000 ტონა კვოტირებული ფქვილი. კვოტის აღნიშნული რაოდენობა წარმოადგენს პურის ქარხნების მიერ ყოველ თვეში მოხმარებული ფქვილის მაქსიმალურ რაოდენობას მასიური პურის გამოსაცხობად და გადანაწილდება პურის ქარხნებზე ისტორიული პრინციპით (წინა წელში გამოშვებული მასიური მოხმარების პურის გამოსაცხობად მოხმარებული ფქვილის რაოდენობა), შესაბამისად, პურის ქარხნები პირდაპირ იღებენ გამოყოფილი კვოტის 7000 ტონა იმპორტირებულ ფქვილს ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით (ამჟამინდელი რეჟიმით) მასიური მოხმარების პურის გამოსაცხობად. აქედან გამომდინარე, პურის ქარხნები უზრუნველყოფილი იქნებიან 7000 ტონა იმპორტირებულ ფქვილით ყველაზე დაბალი ფასით ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით (რჩება ამჟამად არსებული რეჟიმი) შესაბამისად, მომხმარებელი ყველაზე დაბალფასიანი იმპორტირებული ფქვილისაგან მიიღებს ყველაზე დაბალ ფასად მასიური მოხმარების პურს, რითაც გადაწყდება პურის ფასის პრობლემა.

შეთავაზება 3-პუნქტიანია და გულისხმობს:

1. წისქვილკომბინატების მიერ გაჩერებული მუშა პროცესის განახლებას, ამისათვის:

– დაწესდეს დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი ფქვილის იმპორტზე, რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს.

ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი მოსაკრებლის შემოღების შემთხვევაში წისქვილკომბინატები შეძლებენ მუშა პროცესის აღდგენას, აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით უზრუნველყოფენ ადგილობრივი ფერმერებისაგან 2022 წლიდან დარჩენილი ჩაუბარებელი ხორბლის მოსავლის გარანტირებული შესყიდვას ხარისხების შესაბამის ფასად (დღეს წისქვილების გაჩერების ფონზე, ხორბლის შესყიდვის შეთავაზებული ფასი საერთოდ არ არსებობს) -რაც უზრუნველყოფს შეჩერებული საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას;

2.პურის მწარმოებლების მიერ მასიური მოხმარების პურზე დაბალი ფასის შენარჩუნების და ეფექტური კონტროლის მიზნით, ამისათვის:

-შემოღებულ იქნას ფქვილის იმპორტის ყოველთვიური კვოტა – 7000 ტონა, რომელზეც არ გავრცელდება დამაბალანსებელი გადასახადი ანუ განთავისუფლებული იქნება დამაბალანსებელი საიმპორტო გადახდისაგან (აღნიშნული რაოდენობის იმპორტირებულ ფქვილზე დარჩება დღეისათვის არსებული იგივე ნულოვანი გადახდის რეჟიმი, რომელიც მთავრობისა და პურის მრეწველთა კავშირის მონაცემებით სრულად და შეუფერხებლად უზრუნველყოფს დღეს არსებული მასიური მოხმარების პურის ფასის გაიაფებას 10 თეთრით და მის ფასის შემდგომ სტაბილურობას)

– აღნიშნული 7000 ტონა ფქვილის კვოტა გადანაწილდეს ისტორიული პრინციპით (ბოლო 1 წლის მანძილზე გამომცხვარი პურის რაოდენობის მონაცემებით) იმ პურის ქარხნებსა და საცხობებზე, რომლებიც აწარმოებენ მასიური მოხმარების პურს (პურის ქარხნების და საცხობების სია წარმოადგინოს პურის მრეწველთა კავშირმა);

– პურის ქარხნებსა და საცხობებს თავიანთი კვოტების ფარგლებში შეეძლებათ განახორციელონ ფქვილის იმპორტი თვითონ ან შეიძინოს ფქვილის იმპორტიორებისაგან არსებული კვოტით – 7000 ტონა დაუბეგრავი ფქვილი იმ პერიოდისათვის არსებულ ყველაზე დაბალი ფასით, რაც სრულად უზრუნველყოფს პურის ქარხნების მიერ მასიური მოხმარების პურის შეუფერხებელ ცხობას დაუბეგრავი იმპორტირებული ფქვილით და დაბალ ფასს პურზე.

შენიშვნა: მონაცემი 7000 ტონა ფქვილი თვეში აღებულია 2021 წელს ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დროს ყოველ თვე პურის ქარხნებისა და საცხობების მიერ (საქართველოს პურის მრეწველთა სიის მიხედვით) საქართველოს მოსახლეობისათვის 6 თვის განმავლობაში, ყოველ თვე მიწოდებული ფქვილის საშუალო რაოდენობიდან მასიური მოხმარების პურის გამოსაცხობად.

3. წისქვილკომბინატები იღებენ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებას (ხორბლით 2 თვიანი გარდამავალი მარაგების შექმნით)

ზემოთ აღნიშნულის შედეგი:

-პურის ქარხნების მიერ პურის ფასის შენარჩუნება ნებისმიერ პერიოდში ყველაზე დაბალ ფასად იმპორტირებული ფქვილის გარანტირებულად მიღების გზით, ადგილობრივი წისქვილკომბინატების ამუშავება, ქართული მოსავლის შეუფერხებელი მიღება და ფერმერების მიერ საგაზაფხულო სამუშაოების განახლება და მოტივაცია ახალი ხორბლის მოსავლის მოყვანის და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის გარანტირებული ზრდა, წისქვილებში 3000 ადამიანის სამუშაო ადგილის შენარჩუნება, საქართველოს ბიუჯეტის შევსება წისქვილების შენატანებით, ხორბლის 2-თვიანი მარაგების შექმნა.

აქვე საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა აღნიშნავს, რომ კვოტის შემოღება არ არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებას არის სრულიად მსოფლიო და ევროპული პრაქტიკა და გამოიყენება მათ შორის ევროკავშირში ქვეყნების მიერ იმპორტირებული პროდუქციისაგან გონივრული კვოტირების რაოდენობების დაწესებას სხვადასხვა პროდუქციაზე, ევროკავშირში ადგილობრივ წარმოებების სტაბილური და კონკურენტულ გარემოში შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით”.

ცნობისთვის: სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რამდენიმეკვირიანი მოთხოვნების შემდეგ მეხორბლეებისა და მეწისქვილეების შეთავაზებას უარით უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთიდან ხორბლის იმპორტისას დაწესებული ბაჟის დამაბალანსებელ გადასახადს რუსული ფქვილის იმპორტზე ვერ დააწესებდა. დარგი ამ მოთხოვნით ხელისუფლებას წისქვილკომბინატების ამუშავებისა და ხორბლის მწარმოებელი ფერმერების დაგროვილი მარაგების რეალიზების მიზნით მიმართავდა და გარანტიას იძლეოდა, რომ ფქვილზე დამაბალანსებელი გადასახადის დაწესებით პური არ გაძვირდებოდა. მინისტრმა ისიც თქვა, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის 50%-მდე გაზრდა ქვეყნისთვის პრიორიტეტად რჩება და მეხორბლეებს ოპტიმიზმისკენ მოუწოდა.

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია მთავრობის ამ განცხადებას არ ეთანხმება და დარჩენილი ხორბლის მარაგების თვითღირებულების ფასად 80 თეთრად ჩაბარების მიზნით სახელმწიფოს ერთჯერადად 1 კგ-ზე 25 თეთრით სუბსიდირებას სთხოვს.