გაიცანით შოთა გაგნიძე, ახალგაზრდა მხატვარი თელავიდან- ფოტოები
თელავში მცხოვრები ახალგაზრდა, შოთა გაგნიძე წარმატებული მხატვარია.
მას ხატვისადმი ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა. თელავის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, თბილისში ამავე მიმართულებით განაგრძო სწავლა, ამჟამად კი ფერწერის განხრით აქტიურად მუშაობს. ახალგაზრდა ამბობს, რომ მაქსიმალურად ცდილობს საკუთარ თავზე მეტი იმუშავოს.
,,დავიბადე თელავში და მხატვრობის სიყვარულიც ამ ქალაქში გამიჩნდა. პირველად დედამ შეამჩნია ჩემში ეს ნიჭი, სამხატვრო სკოლაში შემიყვანა და შესაბისად ამ მიმართულებით განათლებაც პატარა ასაკიდანვე მივიღე. ბავშვობიდან მიზიდავდა ილუსტრაციები და მათი დანახვისას მინდებოდა, რომ მეც შემძლებოდა მათი შექმნა. პატარა ოცნება რომ დიდად მექცია, შემოქმედებითი განვითარებისთვის, თბილისის სამხატვრო აკადემიაში განვაგრძე სწავლა. ამ ეტაპზე ფერწერის კურსდამთავრებული ვარ და ამავე განხრით ვმოღვაწეობ. მუდმივად ვცდილობ მაქსიმუმი მივიღო ჩემი თავისგან და ამაზე ბევრს ვმუშაობ’’,- განუცხადა knews.ge-ს შოთა გაგნიძემ.
შოთა ამ ეტაპზე ძირითადად შეკვეთებზე და პორტრეტების შექმნაზე მუშაობს.
,,პირველი ნახატი ალბათ ღრმა ბავშვობაში დავხატე. როგორც მახსენდება ეს იყო ჩემი თვალით დანახული მამიდას მიერ კიბეზე დალაგებული ქოთნის ყვავილების პატარა ჩანახატი. მახსოვს მაშინ ძალიან მომხიბლა და შემდგომშიც ჩემი შემოქმედება იმპრესიონისტების მსგავსად შთაბეჭდილებების ქვეშ მოქცეული გახდა. ამ ეტაპზე პორტრეტების შექმნაზე ვმუშაობ და ვყიდი კიდეც. ძალიან ბევრს უნდა საკუთარი ან საყვარელი ადამიანის პორტრეტის ქონა , შესაბამისად მოთხოვნაც დიდია’’,- აცხადებს ახალგაზრდა მხატვარი.
ახალგაზრდა ასევე სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, სხვადასხვა სახის გამოფენებში მონაწილეობა და ნამუშავრების საზოგადოებისთვის გაცნობა მნიშვნელოვანია როგორც მხატვრისთვის, ისე დამთვალიერებლისთვის.
,,ჩემი ნამუშევრების გამოფენის გაკეთებას ვგეგმავ თელავში შემოდგომაზე. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია არამხოლოდ მხატვრისთვის არამედ დამთვალიერებლისთვისაც. ის ემოციები რომელიც მხატვარს ეუფლება გამოფენის მსვლელობისას ვფიქრობ ეხმარება მას მოტივაციის ამაღლებისთვის რაც შემდგომ ნამუშევრებშიც აისახება. სამომავლოდ შემოქმედებით განვითარებაზე მინდა მეტი ვიმუშავო. მინდა ამაზე რაც შეიძლება მეტი გამოცდილება და ინფორმაცია მივიღო. საზოგადოებასაც სიამოვნებით გავაცნობდი თავს ჩემი ნამუშევრებით.’’