2022 წელს ქორწინების რაოდენობა 12.5%-ით გაიზარდა, განქორწინების – 32.3%-ით
2022 წელს ქვეყანაში 26 048 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 12.5%-ით მეტია. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის საქართველოს ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებელშია აღნიშნული.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი 7 916 ქორწინება თბილისში დარეგისტრირდა, იმერეთში – 4 154, ქვემო ქართლში – 3 216, აჭარაში – 2 458, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 2 164, კახეთში კი 2 091 ქორწინება დარეგისტრირდა.
რაც შეეხება განქორწინების მაჩვენებელს 2022 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 32.3%-ით გაიზარდა და 14 098 შეადგინა.
განქორწინების რაოდენობის მიხედვით, რეგიონებში კვლავ თბილისია პირველ ადგილზე 4 934 განქორწინებით, მეორეზე იმერეთი 2 509 რეგისტრირებული განქორწინებით, მესამეზე სამეგრელო – ზემო სვანეთი 1 391-ით, მეოთხეზე ქვემო ქართლი – 1 283-ით, მეხუთეზე კი აჭარა – 1 025 განქორწინებით.