„ლაგოდეხის სერვის ცენტრს“ ოთხი ახალი ავტომობილი გადაეცა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპი „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“, ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა.
თვითმცლელი, სატვირთო ბორტიანი ავტომობილი და სპეციალიზირებული ამწე კალათა – ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო ნაგავმზიდი, ლაგოდეხის მერიისა და სამოქალაქო განვითარების ასოციაცია „საგა“-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით იქნა შეძენილი. ოთხივე ავტომობილის საერთო ღირებულება 575 556 ლარს შეადგენს
მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა.
„შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობთ, დავუახლოვდეთ ნარჩენების მართვის მსოფლიო სტანდარტებს. გვაქვს სურვილი, ვიყოთ გამორჩეული, სუფთა და საუკეთესო მუნიციპალიტეტი,“ – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, „საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენციის“ ფარგლებში, დაჯილდოებულია, საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტის სტატუსით.