Amnesty International – საქართველოში გამოხატვის უფლება კიდევ უფრო შეიზღუდა – შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკური დევნა გრძელდება
საქართველოში შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკური დევნა გრძელდება.
ამის შესახებ Amnesty International-ის წლიურ ანგარიშში წერია, რომელიც 2022 წელს მსოფლიოს 156 ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას აღწერს.
“გამოხატვის უფლება კიდევ უფრო შეიზღუდა. შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკური დევნა გრძელდება. ახალმა კანონებმა მთავრობის სათვალთვალო უფლებამოსილებები გაზარდა და კიდევ უფრო შეარყია სასამართლოს და ოფიციალური დამკვირვებლების დამოუკიდებლობა. ქალები და გოგონები ჯერ კიდევ განიცდიან დისკრიმინაციისა და ძალადობის მაღალ დონეს. წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ეფექტური გამოძიების წარუმატებლობა კვლავ პრობლემად რჩება ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და სეპარატისტულ რეგიონებში”, – წერია ანგარიშში.
Amnesty International -ი აღნიშნავს, რომ 2021 წლის ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის სავარაუდო ორგანიზატორები პასუხისმგებლობას არ მიეცნენ. ასევე აღინიშნება, რომ 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმე ეფექტურად არ იქნა გამოძიებული და 2022 წლის ბოლოსთვის არანაირი ბრალდებები არ იქნა წარდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ მუხთარლიმ ფოტოებიდან მისი ერთ-ერთი გამტაცებელი ამოიცნო.
არასამართლიანი სასამართლო პროცესების სექციაში Amnesty International-ს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ წაყენებული “პოლიტიკურად მოტივირებული ცრუ ბრალდებები” მოყავს მაგალითად.
ასევე მაგალითად მოყვანილია მიხეილ სააკაშვილის „ქეისი“.
“მიუხედავად სამედიცინო ანგარიშებისა, რომლებიც მიუთითებენ შესაძლო “მძიმე ლითონებით მოწამვლაზე” და “სიკვდილის საგრძნობლად გაზრდილ რისკზე”, წლის ბოლომდე თბილისის სასამართლომ სამედიცინო ნიშნით სასჯელის გადახდა არ გადადო”, – წერია ანგარიშში.