ახალი ამბები

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვისთვის პირი 1 ჰექტარზე 1 000 ლარით დაჯარიმდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს გადაწვავს, დაჯარიმდება.

მინისტრის თქმით, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 1 ჰექტარზე 1 000 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის კი – 2 000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სანქციების დაწესებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ მოიწონა და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

„საკითხს, რომელზეც მთავრობამ იმსჯელა, ყოველ შემოდგომაზე ვაკვირდებით. სამწუხაროდ, ძირითადად კახეთის რეგიონში, ფერმერების მხრიდან ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ცეცხლის წაკიდება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ნიადაგს და ამავდროულად, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე შეიძლება დავდგეთ ცეცხლის გავრცელების კუთხით.

აქამდე არ გვქონდა ქმედითი მექანიზმი ამის საწინააღმდეგოდ. მთავრობამ მოიწონა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც წარედგინება პარლამენტს. ამ ცვლილებების მიხედვით, დაწესდება საკმაოდ მკაცრი სანქცია მოსარგებლეებისა თუ მესაკუთრეებისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმ პირისთვის, ვინც ამ ქმედებას განახორციელებს. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 1 ჰექტარზე 1 000 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირისთვის – 2 000 ლარი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება და შევძლებთ, რომ მავნე პრაქტიკა აღმოვფხვრათ,“ – განაცხადა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.