10 წელში შესაძლოა, საოჯახო საქმის 39% რობოტებმა შეასრულონ
ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, 10 წლის განმავლობაში, საშინაო სამუშაოების დაახლოებით 39%-ის ავტომატიზაცია შეძლოს. ამის შესახებ საუბარია ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
კვლევის ფარგლებში მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის 65 ბრიტანელი და იაპონელი ექსპერტი გამოჰკითხეს. მათ სურდათ გაეგოთ სპეციალისტების მოსაზრება თუ რამდენად შეასრულებს ის ყველაზე გავრცელებულ საოჯახო რუტინულ საქმეებს.
დავალებების მიხედვით, ექსპერტების პროგნოზები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ავტომატიზაცია შესაძლებელია სასურსათო ვაჭრობას შეეხოს, ბავშვის მოვლა კი ყველაზე ნაკლებად ავტომატიზირებად საქმიანობად დასახელდა.
საერთო ჯამში, ექსპერტების შეფასებით, ადამიანების თუ შინაური ცხოველების მოვლის ავტომატიზება უფრო ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე რობოტების ისეთ საოჯახო საქმეებში დახმარება, როგორიცაა დასუფთავება, ჭურჭლის რეცხვა, საჭმლის მომზადება და ა.შ.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ავტომატიზაციამ შეიძლება ადამიანებს ბევრი დრო გამოუთავისუფლოს და განსაკუთრებულ სარგებელს მოუტანს ქალებს, რომლებიც ამჟამად აუნაზღაურებელ საოჯახო საქმეებში უფრო აქტიურად არიან ჩართულები.