ყვარელში რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსების პროგრამა გაუქმდა
რუსული ენის შემსწავლელი პროგრამა, რომელიც ყვარლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მარტის დასაწყისიდან ფუნქციონირებდა, გაუქმდა.
ინფორმაცია პროგრამის გაუქმების შესახებ ყვარლის “ევროკლუბის” ხელმძღვანელს ნიკა გურინს, მერიის ა(ა)იპის „კულტურის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა მაია ზარდიაშვილმა მიაწოდა. მას მიზეზები არ დაუსახელებია. პროგრამის გაუქმებას წინ უძღოდა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის და პროტესტი. საგანმანათლებლო პროგრამის ,,გაიღრმავე ცოდნა” ფარგლებში, მათ რუსული ენის შესასწავლად, 40 მოსწავლე ყავდათ მიღებული. კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორის, მაია ზარდიაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნით მიიღეს.
„ბავშვები, რომლებიც სკოლაში სწავლობენ, მათ მოგვმართეს და გვთხოვეს დახმარება. პედაგოგს, რომელსაც ჩვენი სამსახური 200 ლარს უხდის, 40 ბავშვი ჰყავს და აგებინებს იმას რასაც სკოლაში ვერ იგებენ. ჩვენ გვაქვს ინგლისურის, გერმანულის, მათემატიკის კურსები, ასევე ინკლუზიური, ქარგვის და ხატვის კურსები. ეს ბავშვები კაპიკს არ იხდიან არაფერში. ეს არის ჩემი პროექტი”– ამბობდა ზარდიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
რუსული ენის შესასწავლად განცხადება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილმა ა(ა)იპიმ ფეისბუკში თებერვალში გამოაქვეყნა.
ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელი ნიკა გურინი აცხადებს, ბიუჯეტი არ უნდა აფინანსდებოდეს, იმ ქვეყნის ენის შესწავლას, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული.
„რას ნიშნავს ჩვენი გადახდილი გადასახადებით რუსული ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსება? რას ნიშნავს საზოგადოების მრავალრიცხოვანი მოთხოვნა? მე მაქვს კითხვები, ვის ინტერესებში შედი რუსული ენის და კულტურის პოპულარიზაცია. ამ ამბავს ჩვენს აუცილებლად მოვიკვლევთ. როცა რუსეთის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული, ასეთი რამ წარმოუდგენელია“ – თქვა გურინმა.