მეუფე იაკობი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე – ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება
ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება თუ გვინდა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ, თორემ ჯვარი გვწერია, რომ ან ევროპაზე, ან ამერიკაზე, ან ნებისმიერ ქვეყანაზე ვფიქრობდეთ, რომ მტერია,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
ის, გამოეხმაურა თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, ახალგაზრდები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ვინმეს რუსეთისკენ, რომ წაეყვანა ქვეყანა, უბრალო გამოსვლით უკან არ დააბრუნებდნენ.
მან ასევე ისაუბრა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 90-იან წლებში მსოფლიომ შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ბალტიისპირეთთან ერთად საქართველოც არ მიიღო ევროკავშირში.
„ვნახეთ თბილისში განვითარებული მოვლენები და ბევრს გაუკვირდა ახალგაზრდების ასეთი აქტიურობა, ასეთი სულიერი შემართება. ეტყობა, არ იცნობენ ქართველ ადამიანებს. უცხოელები რომ არ იცნობენ გასაგებია, მაგრამ ჩვენთანაც უკვირთ ხოლმე ახალგაზრდების გამოსვლა. თითოეულს უნდოდა კარგი ცხოვრება და ძიებაში არიან, რა არის კარგი, არ უნდათ რუსეთი და უნდათ საქართველო ისეთ ადგილას იყოს, სადაც სიკეთე იქნება და განვითარდებიან. რა არის კარგი? – მე მიხარია, რადგან ახალგაზრდა თაობა საუკეთესო თაობაა. ჩვენი თაობაც თუ გაგვახსენდება, გვახსოვს, რომ ჩვენზე გადაიარა საბჭოთა კავშირის ბოლოს რა სიმწარეც ხდებოდა და ჩვენ ვიყავით იმ ამბების მომსწრეები და მონაწილეებიც, თუ რამე სირთულე. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ქართველ ახალგაზრდებში ისევ ქართული სული ჩქეფს და ჩვენი ერი არ გადაშენდება. აქ მთავარი ერთი რამ არის, ისინი გამოსულები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ კარგი უნდოდათ თავისთვის და საქართველოსთვის. ჩემი ქვეყანა ვინმემ რუსეთისკენ, რომ წაიყვანოს ახალგაზრდებს წინ დავაყენებ?! მე გავალ თვითონ და მე და ჩვენი თაობა იქნება პირველი, რადგან არ გვინდა ახალგაზრდებს ცივი ნიავი მივაკაროთ, თუ რამე დარტყმაა, ჩვენ მივიღებთ. დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ და გამოვიდნენ, მაგრამ აწი მაინც დაფიქრდნენ, ვინმეს რომ რუსეთში წავეყვანეთ, უბრალო გამოსვლით სხვაგან გაგვიშვებდნენ, ან დაგაბრუნებდნენ?! შევხედოთ საფრანგეთში რა ხდება პენსიებზე, ლამის ხოცვა-ჟლეტა აქვთ. საქართველოში რამე, რომ ხდება მაშინ წუხან ხოლმე მსოფლიო ხელისუფლებებში რომ – ეს როგორ ხდება, დემოკრატიას მიხედეთ და რამე არ დააშავოთო. ახალგაზრდებსაც მივმართავ, ნუთუ მსოფლიოში, ჩვენს საზღვარს გარეთ უცხო ქვეყნის და უცხო ხელისუფლების წარმომადგენელი ერთი ადამიანი მაინც ჰგონიათ, რომ თითოეულ ჩვენგანზე მეტად უყვარს საქართველო, ამ სისულელეს ვინმე დაიჯერებს?! ეს ხომ დიდი სისულელეა.
საქართველოს თავისი გზა არჩეული აქვს, ჩვენ გვინდა ცივილიზებული ცხოვრება და მთელი საუბარი მიდის კანდიდატობაზე. ჩვენი ბრალია კანდიდატები თუ არ ვართ?! 90-იან წლებში შეცდომა კი არ დაუშვა მსოფლიომ, არამედ დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ბალტიისპირეთთან ერთად საქართველოც არ მიიღეს ევროკავშირში თუ სხვადასხვა ალიანსში და დღეს რა დღეშიც ვართ, ხომ ხედავთ?! მოლდოვაც ახსენდებათ, უკრაინაც ახსენდებათ და საქართველოში იტყვიან ევროკავშირს და მაშინვე რაღაც უნდა მოხდეს.
ქართველი ადამიანი არასდროს არ უნდა დაემორჩილოს იდეოლოგიას. იდეა სხვა არის და იდეოლოგია სხვა. იდეოლოგია კომუნისტებს ჰქონდათ, ფაშისტებს ჰქონდათ და ჩვენ იდეოლოგიის მსხვერპლნი არ უნდა გავხდეთ“, – აღნიშნა იაკობმა.
მეუფე იაკობის შეფასებით, უკრაინა-რუსეთის ომი კიდევ დიდხანს არ დასრულდება.
„ახალგაზრდობას ვთხოვ, შეხედონ, რა ხდება მსოფლიოში. არის საშინელი ომი, ამას ჰქვია პროქსიომი. მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე. უნდა დავფიქრდეთ, არის დიდი ჭიდილი. რუსი ცდილობს ტერიტორიაზე დამკვიდრდეს და თან ფიქრობს, ცოტა ხანში ისე გამოფიტავს ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ხალხი გამოვა თავისი ხელისუფლების წინააღმდეგ და მაგით ეშველება რუსეთს. მეორე მხარე ფიქრობს, რომ ცოტა ხანში იარაღის გარეშე დარჩება რუსეთი და ასევე, ხალხი გამოვა და შეცვლის ხელისუფლებას. ეს ომი ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ჯვარი სწერია სხვა ტერიტორიებზეც რომ არ გადავიდეს. ჩვენ არ გვეშინია, თუ მტერი შემოვიდა დავხვდებით როგორც შეგვეძლება, მაგრამ ძალით ისეთ ომში რატომ უნდა ჩაერთო, რომელსაც ამერიკაც ერიდება და ევროპაც. საქართველოს რომ უჭირს, როგორ გვეხმარებიან?! მხოლოდ დემოკრატიისკენ მოწოდებით.
ჩემთვის სამარცხვინოა, უკრაინა, სანამ ომს დაიწყებდა ოპოზიციაც შევიწროებული ჰყავდა, ძირითადი ტელევიზიებიც დახურული ჰქონდა და კორუფცია როგორც რუსეთში, ისევე ყვაოდა და ომია და მიიღეს (ევროკავშირში), მოლდოვაც მიიღეს და ჩვენ არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს.
როდესაც ასეთი კანონის მიღებას აპირებ, უნდა აუხსნა ადამიანებს რატომ არის საჭირო. როდესაც თქვეს ნახეთ, რომ სხვადასხვა ძალამ დაიწყო, რომ ამას იმიტომ იღებთ, რომ ჩვენი პარტნიორები მტრებად მიგაჩნიათო. ეს დაიწყო იმ პარტიებმა, რომლებმაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ და ასევე, რამდენიმე არასამთავრობოებმა, რომლებიც უდიდეს ფულს იღებენ უცხოეთიდან. ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება თუ გვინდა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ, თორემ ჯვარი გვწერია, რომ ან ევროპაზე, ან ამერიკაზე, ან ნებისმიერ ქვეყანაზე ვფიქრობდეთ, რომ მტერია.
ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ომის დამნაშავედ შეირაცხა, სასამართლომ გასცა მისი დაკავების ბრძანება, არ ვიცი ომი, რომ მიმდინარეობს თავს იტყუებენ თუ რა არის, ვინ ვის დააკავებს და მაშინვე, ჩინეთმა რა გააკეთა?! ჩავიდა და შეხვდა, რადგან არაფრად არ ჩააგდო, რადგან იმ სასამართლოს წევრები არ არიან არც ამერიკა, არც ჩინეთი და არც რუსეთი. თუ არ მოუგე რუსეთს, როგორ გინდა დაიჭირო. საინტერესოა, ქვეყანაში, რომ ჩააკითხონ ვინმე გაბედავს დაჭერას?! ვინმეს უნდა არეულობა?! თავისთან, რომ არეულობა არ იყოს და უკრაინის გარეთ, რომ არ გავიდეს ფულს ხომ მაგაში იხდიან და იარაღითაც ხომ მაგიტომ ამარაგებენ?! ამიტომ, დაფიქრება გვმართებს.
კი ვიძახით შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოსო, მაგრამ თავს თუ არ მოვიტყუებთ დაწყებულია უკვე და ღმერთმა ქნას, რა ტერიტორიაზეც არის იქაც დამთავრდეს და აღარ გაიშალოს სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.