ახალი ამბები

თებერვალში დასაქმებულთა 19.2%-ის ხელფასი 599 ლარამდე იყო – PMC

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში საქართველოში დასაქმებულთა 19.2%-ის ხელფასი 599 ლარამდე იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

ამავე კვლევის მიხედვით, გაზრდილია მაღალშემოსავლიანი დასაქმებულების რაოდენობა. კერძოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეედარებით, 32.6%-ით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლების ხელფასიც 9 600 ლარს აღემატებოდა. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა 44.2%-ია. PMC-ის თანახმად, თებერვალში 9 600 ლარზე მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 3%-ს ჰქონდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თებერვალში გაზრდილია იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომლებიც ხელფასის სახით 2 400 ლარზე მეტს იღებენ. კერძოდ, იმ დასაქმებულთა რაოდენობა, რომლებიც 2 400 ლარს ან მეტ ხელფასს იღებდნენ 20%-ს შეადგენდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის თებერვლის შრომის ბაზრის ინდიკატორები ასე გამოიყურება:

სამუშაო ძალა – 1 515 000 ადამიანი;
დასაქმებული – 1 237 600 ადამიანი;
დაქირავებით დასაქმებული – 839 500 ადამიანი;
თვითდასაქმებული – 397 600 ადამიანი;
უმუშევარი – 277 400 ადამიანი;
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე – 50.3%;
დასაქმების დონე – 41.1%;
უმუშევრობის დონე – 18.3%;
საშუალო ნომინალური ხელფასი – 1 150 ლარი.
დასაქმების თრექერის თანახმად, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, jobs.ge-ზე 39 565 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის პერიოდში 11 152 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, 8 972 ვაკანსია – ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, 7 031 ვაკანსია კი – ლოგისტიკა/ტრანსპორტი/დისტრიბუციის კატეგორიაში.