ახალი ამბები

რა უფლებები აქვთ მომხმარებლებს და რა გამოწვევებია ამ კუთხით ქვეყანაში

მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღე 15 მარტს მსოფლიო მომხმარებლის უფლებების დღეს აღნიშნავს.  2022 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“. კანონი ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისადაა მომზადებული და  საქართველოში მომხმარებლებს თითქმის იგივე უფლებები გვაქვს, როგორც ევროკავშირში. კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა დაევალა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს. გასულ წელს საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა, თუმცა, ამ კუთხით მომუშავე ორგანიზაციების და დაწესებულებების წარმომადგენლების თქმით, არის გამოწვევები, რომლებიც მოსაგვარებელია.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე დაწესებულება momxmarebeli.ge ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და სხვადასხვა საკითხებს იკვლევს, ის ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების თუ სამთავრობო უწყებების თუ დაწესებულებების მიერ ამ კუთხით ჩატარებული კვლევების და გამოვლენილი დარღვევების შესახებ მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის.

აღსანიშნავია, რომ მუშაობის დარღვევების გამოვლენისას, კონკურენციის ეროვნული სააგენტო, რომელიც კანონის აღსრულებაზეა ვალდებული,  მითითებებს აძლევს მეწარმეებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა. დაუმორჩილებლობისას, სააგენტოს შეუძლია დააჯარიმოს მეწარმე, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს.

,,მომხმარებლის უფლებების დარღვევის აღმოჩენისას, ნებისმიერ პირს  შეუძლია მიმართოს სააგენტოს, მარტივი განცხადებით. უფლებების დასაცავად სასამართლოში სარჩელის შეტანა აუცილებელი აღარაა. მოქალაქეებმა დაიწყეს კონკურენციის საგენტოსთვის მიმართვა და, ამ უკანასკნელის ჩარევით, მომხმარებლის სასარგებლოდ უკვე რამდენიმე დავა გადაწყდა. ვიმედოვნებთ, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტო აქტიურ მუშაობას გააგრძელებს და მიმდინარე წელს მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. რაც შეეხება სამომხმარებლო პროდუქციის უვნებლობას/უსაფრთხოებას, გასული წლის განმავლობაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, რეფორმები გრძელდებოდა, თუმცა, ამ მხრივ, გარდამტეხი ცვლილებები არ მომხდარა. მიმდინარეობდა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი; ასევე უსაფრთხოების კონტროლი სათამაშოებზე, სამშენებლო მასალების ნაწილზე, მანქანა-დანადგარების ნაწილზე, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებზე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე და აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებზე,’’- წერია momxmarebeli.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საიტი momxmarebeli.ge, არასამთავრობო ორგანიზაცი „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ ეკუთვნი, რომელსაც მართავს ორგანიზაციის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამა. ცენტრმა მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო და რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთ წამყვან საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა ამ სექტორში. ის მიზნად ისახავს ქვეყანაში მომხმარებლის უფლებების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით კანონის ამოქმედების შემდეგ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სიტუაცია შედარებით გამოსწორებულია, თუმცა არის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

,,წლების მანძილზე მოუგვარებელ პრობლემებად რჩება: რისკების შეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რის გარეშეც უვნებლობა-უსაფრთხოების სათანადო დონის მიღწევა შეუძლებელია. კონტროლის არასაკმარისი მასშტაბები. მოქალაქეთა ინფორმირება გამოვლენილი საფრთხის შემცველი პროდუქციის შესახებ. გარდა ამისა, სამომხმარებლო პროდუქტების აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში არ არის დადგენილი უსაფრთხოების ნორმები და არ მიმდინარეობს სახელმწიფო კონტროლი. უსაფრთხოების კონტროლს მიღმაა  დარჩენილი ისეთი ყოველდღიური მოხმარების ნაწარმი, როგორებიცაა ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი, ტექსტილი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, ავეჯი და სხვა. შექმნილი მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას; ისევე, როგორც თანამედროვე, მსოფლიო დონეზე კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადადგას სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების/უვნებლობის სრულფასოვანი კონტროლის დასანერგად. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იაქტიურონ, რათა ჩამოყალიბდეს მტკიცე საზოგადოებრივი დაკვეთა ქვეყანაში მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი მდგომარეობის არსებითად გასაუმჯობესებლად’’, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

რა უფლებებს ანიჭებს კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მომხმარებლებს და რას ავალდებულებს იგი მეწარმეებს? ამაზე საზოგადოების დიდ ნაწილს ინფორმაცია არ აქვს. აღსანიშნავია, რომ კანონი იცავს მომხმარებელს, მხოლოდ როგორც კერძო, ფიზიკურ პირს მაშინ, როდესაც ის იძენს პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გარკვეულ საქონელს ან მომსახურებას. ფიზიკურ პირზე კანონი არ ვრცელდება, თუ ის მოქმედებს გარკვეული პროფესიული ან საქმიანი მიზნით. მაგალითად, ხელოსნის მიერ სამუშაო იარაღის შეძენაზე, ან მხატვრის მიერ საღებავების შეძენაზე და ა.შ.

მოვაჭრე კი ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს უტყუარი და სრული ინფორმაცია საქონლის ან მომსახურების შესახებ, რაც საჭიროა იმისათვის, რომ მომხმარებელმა სწორი არჩევანი გააკეთოს. მოვაჭრე ასევე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ გარიგების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, თუ საქონელი ან მომსახურება ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მოვაჭრე ვალდებულია გამოასწოროს ნაკლი; თუ ეს ვერ ხერხდება – ნივთის შემთხვევაში, შეცვალოს იგი სხვა ანალოგიური ნივთით, ან თუ ესეც ვერ ხერხდება ნივთის ან მომსახურების ფასი შეამციროს, ან მომხმარებელს გადახდილი თანხა დაუბრუნოს. საქონლის ან მომსახურების დისტანციურად შეძენის შემთხვევაში კი  მომხმარებელს უფლება აქვს 14 დღის განმავლობაში უარი თქვას მასზე, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე.

აღნიშნულ საკითხებზე, საკუთარ უფლებებზე ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ თელავში. Knews.ge მოქალაქეებს გაესაუბრა, შედეგად კი აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა, მომხმარებელთა უფლებების შესახებ არაფერი იცის. მათ არც ის იციან თუ ვის უნდა მიმართონ მათი უფლებების დასაცავად.

,,მაღაზიების უმეტესობაში, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქტები იყიდება, მეც და ჩემი ახლობლებიც, ხშირად შევხვედრივართ იმას, რომ არავინ იცავს მომხმარებლის უფლებებს. ყოფილა შემთხვევები, პროდუქტი მიყიდია, მოვსულვარ სახლში და რომ დამიხედავს ვადა გასული ჰქონია. ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცი. ქვითარს რომ გვაძლევენ ვაგდებთ და მერე რომ აღმოვაჩენთ პროდუქტი ვადაგასულია, მიიტან მაღაზიაში და ქვითრის გარეშე გეუბნებიან რომ იქნებ სხვასთან იყიდე და მათთან არა. ასეთი და სხვა მსგავსი პრობლემები ბევრია, სხვებისგანაც გამიგია. არ ვიცოდი თუ კანონი მოქმედებს ამ მიმართულებით, კარგი იქნება სხვებმაც გაიგონ, რა უნდა ქნან თუ დახმარება დასჭირდებათ. კანონის აღსრულებაზე უნდა იმუშავოს ყველამ’’,-განუცხადა knews.ge-ს ჯულია ლაზარიაშვილმა.

მომხმარებელთა უფლებებზე ნაკლები ინფორმაცია აქვთ სხვა ადგილობრივებსაც. მათი თქმით, მცირე ბიუჯეტის გამო საკვებ პროდუქტებს ისედაც გაჭირვებით ყიდულობენ, ამიტომ სამთავრობო უწყებებმა მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე კონტროლი უნდა გაამკაცროს და მისი დამრღვევები უნდა დაჯარიმდნენ.

,,არ გაგვიგია რა უფლებები გვაქვს მომხმარებლებს. ვინ იცავს ჩვენს უფლებებს? ყველა მაღაზიაში თუ მარკეტების ქსელში, ისე იქცევიან როგორც თვითონ აწყობთ. მყიდველი არავის ადარდებს’’,-აცხადებენ Knews.ge-სთან თელავში მცხოვრებლები.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: +995 32 239 90 18, ან ეწვიეთ გვერდს momxmarebeli.ge (https://www.facebook.com/momxmarebeli.ge)