პარლამენტთან აქციაზე დაკავებულების ადვოკატები სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე საუბრობენ
ადვოკატებმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირები მოინახულეს.„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის, ივანე ჩიტაშვილის განცხადებით, მის ერთ-ერთ დაცვის ქვეშ მყოფ სტუდენტს, დავით ჩხობაძეს დაკავების დროს პოლიციელმა კისერში ხელი წაავლო და ისე მიათრევდა, მან რამდენჯერმე ხელის დარტყმაც კი იგრძნო.
სამი დაკავებულის ინტერესების დამცველს ამ დრომდე უწყების მიერ სამართალდარღვევის ოქმი არ ჩაბარებია.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სამი დაკავებულის ინტერესებს იცავს. ამჯერად, მე დავით ჩხობაძეს შევხდი, რომელიც დაკავების მომენტში, პოლიციამ მის მიმართ ძალას გადაამეტა, მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას გუშინაც მცირე დაზიანებები ეტყობოდა, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს დაფიქსირებული აქვს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვაპირებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართოთ, ვინაიდან აშკარად დანაშაულის ნიშნები არის. კერძოდ, უფლებამოსილების ბოროტად გადამეტების ნიშნები.
რაც შეეხება უშუალოდ დავით ჩხობაძის დაკავების ყოფნის გარემოებებს, ჩვენ გუშინ ღამესვე მოვითხოვეთ დაკავებიდან გათავისუფლება, შუამდგომლობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უფროს მივმართეთ, თუმცა დღემდე პასუხი არ მიგვიღია. მიგვაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით დაკავების საფუძველი არ არსებობდა. მით უფრო, ამ გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს მისი დაკავებაში სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება სასამართლოს მოლოდინს, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი, როგორც იცით, პირის დაკავებაში ყოფნის ვადა 24-საათს არ უნდა აღემატებოდეს ადმინისტრაციული წესით, რაც შეიძლება მტკიცებულების მოპოვების მიზნით შეიძლება დრო გახანგრძლივდეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, აღნიშნულ ადგილას უამრავი ვიდეოჩანაწერი და კამერა არსებობდა, რომელიც საჯაროდ არის გავრცელებული და რომლის მოპოვება სირთულეს არ წარმოადგენს, წესით, პოლიციას 24-საათიანი ვადა არ უნდა დასჭირდეს იმისთვის, რომ დაკავების ვადა კიდევ გაახანგრძლივოს.
სამართალდარღვევის ოქმი არ ჩაგვბარებია, დაკავების ოქმი გუშინ ჩაგვბარდა, რაზეც შენიშვნაც გავაკეთეთ და მივუთითეთ, რომ იგი დაექვემდებარა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, უშუალოდ ნიღბიანი პოლიციის თანამშრომლის მიერ. დაკავების დროს კისერში ხელი წავლებული ჰქონდა და ისე მიათრევდა პოლიციელი დავით ჩხობაძეს, პლუს რამდენჯერმე მან ხელის დარტყმაც იგრძნო, მას პოლიციელი აგინებდა. ჩხობაძეს როდესაც გავესაუბრე მითხრა, რომ იგი დილით გაესაუბრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს და მას უთხრა ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ”, – განაცხადა ივანე ჩიტაშვილმა.
აქციაზე დაკავებულების ნაწილის უფლებადამცველის, ლაშა ტყეშელაძის განმარტებით, დაკავებულები სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, 15 საათი იზოლატორთან დააყენეს და ბორკილები არ მოხსნეს.
„პოლიცია ყველანაირ ზღვარს გასცდა, კანონის ფარგლებიდან გასულია, არ მახსენდება ასეთი მძიმე დაკავებები. დაკავებულები სცემეს, აგინეს და 15 საათი იზოლატორთან დააყენეს, ბორკილები არ მოხსნეს. პოლიცია ყველანაირ ზღვარს გადასცდა. ეს პოლიციელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტების და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებაში, კრიმინალები არიან, რადგან არავითარი უფლება არ აქვს პოლიციის თანამშრომელს დაკავებისას სცემოს სამოქალაქო აქტივისტი, სტუდენტებს აგინოს და 15 საათი ბორკილები არ მოხსნას. ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა. საგამოძიებო სამსახურიდან რამდენიმეს გაესაუბრნენ, რამდენიმე დაკავებულმა განაცხადა, რომ მათ უშუალოდ სასამართლო პროცესზე დასწრება სურთ, რათა დააფიქსირონ, როგორ გაუსწორდნენ მათ. შემიძლია ღიად ვთქვა, რომ რამდენიმეს სახეზეც დაზიანებები ეტყობა და ასევე, წვივის არეშიც. სამართალდარღვევის ოქმი ჯერჯერობით არ ჩამბარებია.
გიორგი პატარაიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, რაც შეეხება დაკავებას, რადგან ნიკა კვიტატიანთან ერთად იდგა, ისიც დააკავეს სრულიად უკანონოდ, დაკავების პროცესში მასაც აგინებდნენ”, – განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.