ახალი ამბები

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, არჩილ თალაკვაძეს განცხადებით მიმართავს

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს მიმართავს.

განცხადება ორგანიზაციამ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„ჩვენ გვაქვს ახალგაზრდა დემოკრატია, თუმცა, ამ წლების განმავლობაში, ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შევძელით მნიშვნელოვანი ინსტიტუტების განმტკიცება, როგორიცაა – თავისუფალი მედია, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, უფრო ეფექტური თვითმმართველობა და ანგარიშვალდებული ხელისუფლება. დღეს, ქვეყანაში გვაქვს სხვადასხვა მედია, რომლითაც ხშირად და აქტიურად ისმის ოპოზიციის ხმა; გვყავს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავისუფლად გამოხატავს საკუთარ პოზიციას ნებისმიერ საკითხზე.“ ორი წლის წინ ამ სიტყვებით მიმართეთ მე-10 მოწვევის პარლამენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორ ფიქრობთ, ორი წლის შემდეგ შეძლებთ ამ სიტყვების გამეორებას?

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანი, რომელიც, 2011-2012 წლებში, აშშ-ის ელჩთან ერთად, სიამაყით ხსნიდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს“, დღეს მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ გამოცხადებას მხარს არ დაუჭერს. საჯარო დისკუსიების ორგანიზება, მოქალაქეების ჩართვა დემოკრატიულ პროცესებში და დაუცველი ჯგუფების ინტერესების ადვოკატირება არ არის უცხოური ძალის გავლენა. 11 წლის უკან ასეთ კანონპროექტს ჩვენთან ერთად გააპროტესტებდით; მაქსიმალურად ეცდებოდით ცენტრებში საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი მოქალაქეების მობილიზებას, რათა შეწინააღმდეგებოდით მსგავს ინიციატივას და თქვენს წვლილს შეიტანდით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და მომავლის დაცვაში.
თქვენ კარგად გესმით სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის მნიშვნელობა.

2011-2012 წლებში, როცა USAID-ის ,,კარგი მმართველობის“ პროგრამაში მუშაობდით, აქტიურად უჭერდით მხარს ძლიერი, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების იდეას, რომ მათი დახმარებით გაძლიერებულიყვნენ ახალგაზრდები, ქალები, შშმ პირები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ფერმერები, საკუთრი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანები. სწორედ USAID-ის „კარგი მმართველობის“ პროგრამის ძალისხმევით შეიქმნა საქართველოს ათ ქალაქში ხელმისაწვდომი სივრცეები ყველა ადამიანისთვის, რის ბაზაზეც შემდგომში დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ ჩამოყალიბდა. ჩვენ დღესაც სხვადასხვა სფეროს ათიათასობით წარმომადგენელს ვმასპინძლობთ ყოველწიურად, ვეხმარებით სხვადასხვა დაუცველ მოქალაქეს საკუთარი უფლებების დაცვაში და ამ საქმეში გვერდით გვიდგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

თქვენ ყველაზე კარგად გაიგებთ ჩვენს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული კანონის მიღება არამარტო სამოქალაქო სექტორის სიცოცხლისუნარიანობას შეუქმნის საფრთხეს, არამედ საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ სვლას დააბრკოლებს, კანონის მიღება დააზარალებს ქართველ ხალხს.
გვჯერა, რომ თქვენ არ დაუჭერთ მხარს ამ კანონს და დაარწმუნებთ თქვენს კოლეგებს, რომ ის მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის, არამედ საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. გვეწვიეთ ათივე „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ახალციხეში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, ოზურგეთში, რუსთავში, საგარეჯოსა და ქუთაისში და მოისმინეთ ადგილობრივი მოსახლეობის აზრი ამ თემაზე.
წერილს გწერთ თქვენი ყოფილი კოლეგები და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ამჟამინდელი თანამშრომლები, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ გამოიყენებთ თქვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ აღნიშნული კანონპროექტი კანონად არ იქცეს”,- წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებას ასევე თან ერთვის სხვადასხვა რეგიონში მომუშავე კოორდინატორების სახელები და გვარები.

თეონა დიასამიძე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
გრიგოლ მახარაძე, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
ლიკა იმერლიშვილი, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ყოფილი კოორდინატორი
ეკა მინჯორაია, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
მარიამ სამხარაძე, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
ქეთევან სიბაშვილი, საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
ქეთევან ციბაძე, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
ლიანა ჩარკვიანი, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
თამარ მოდებაძე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
სოსო მეზვრიშვილი, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
თამარ თუმანიშვილი, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
ნათია სირდაძე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის პროგრამის მრჩეველი
ნინა ხატისკაცი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი