ყაზახაშვილების სახლი თელავში
ყოფილი ყაზახაშვილების სახლი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება და თელავის ერთ-ერთ უძველეს ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნება. იგი ქალაქის ისტორიული განაშენიანების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.
საკმაოდ დიდი ზომის ეზოს სიღრმეში განთავსებული, ჰორიზონტალურად წაგრძელებული ორსართულიანი შენობის მთავარ მომხიბვლელობას, მის ერთგვარ „პალაცოურ“ იერს მსუბუქი პროპორციების მქონე აგურის წრიულ სვეტებს დაყრდნობილი ხის აივანი და დეკორატიული თაღებით შემკული ღიობები ქმნის. ამდენად, შენობა მნიშვნელოვანია სიძველით, თელავისათვის ტრადიციული დაგეგმარებით და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით.