ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიებისთვის შესაძლოა ჯარიმები გამკაცრდეს
ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის, შესაძლოა, 10 000 ლარით დაჯარიმდნენ.
ცვლილებას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს და მისი პირველი მოსმენა პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში გაიმართა. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ აღნიშნა, დღეს არსებული სანქციები, რომლის მაქსიმალური ჭერი 2000 ლარითაა განსაზღვრული, გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციას ვერ უზრუნველყოფს.
„დღეისათვის, წიაღის სფეროში სამართალდარღვევები დიფერენცირებულია ორგვარად, ნაკლები სიმძიმის – 500 ლარიანი, ხოლო შედარებით მძიმე ხასიათის – 2000 ლარიანი სანქციით ისჯება. რაც დღევანდელ რეალობასთან შესაბამისი არ არის, ამ სანქციის არსებობა ვერ უზრუნველყოფს პრევენციას, მაგალითად როდესაც ხდება მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ლიცენზიანტს ურჩევნია, დაჯარიმდეს ვიდრე შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
აქედან გამომდინარე, შემოთავაზებულია დიფერენცირება რა სახის დარღვევისთვის როგორი ჯარიმა იქნება. პოლიმეტალებზე: ოქროზე, ფერად და შავ ლითონებზე ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის ჯარიმის მაქსიმალური ჭერი ჩვენ მიერ შემოთავაზებულია 10 ათასი ლარი. ამასთან, ისეთი ხარისხის დარღვევაზე, რომელიც არ იწვევს გარემოსთვის დიდი ზიანის მიყენებას, აქ მაგალითად, დოკუმენტის წარმოუდგენლობა და სხვა სახის შედარებით მსუბუქი ხასიათის დარღვევები იგულისხმება, კვლავ 500 ლარით დაჯარიმდება.
ვფიქრობთ, სანქციების გაზრდით ლიცენზიანტი კონკრეტული დარღვევის აცილებისკენ იქნება მიმართული და არა დაჯარიმებისკენ. 2000 ლარზე ვერ რეაგირებს სექტორი და ამიტომაა შემოთავაზებული, რომ მოხდეს ამ ჯარიმის გაზრდა. ვფიქრობ, დიფერენციაცია სწორია იქიდან გამომდინარე, რომ გრადაცია ხელს შეუწყობს მონიტორინგს და ლიცენზიანტებსაც გამოაფხიზლებს.“-აღნიშნა ნინო ენუქიძემ.