ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა
„უფლებები საქართველოს“ და „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ ინიციატივით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებმა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფი შექმნეს.
საინიციატივო ჯგუფის მიზანია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაცია და უფლებების დაცვა. ამ მიზნით, ახალგაზრდები აქტიურად იმუშავებენ ეთნიკური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე, დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებას და ინიციატივებს, მოამზადებენ პეტიციებს.
ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრი და „უფლებები საქართველოს“ სტაჟიორი არზუ ჯალალოვა აღნიშნავს, რომ საინიციატივო ჯგუფის მეშვეობით ახალგაზრდები შეძლებენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მივაწოდოთ ინფორმაცია, მათთვის საინტერესო თემებზე და ასევე თემაზე, თუ რა უფლებები აქვთ მათ.
„ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფის შექმნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც კი გაკეთებულა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. საინიციატივო ჯგუფის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ ეთნიკურ უმცირესობებს მივაწოდოთ ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ, ასევე დავეხმარებით მათ დაახლოებას ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ასევე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირებას, რაც მოსახლეობას ქართული ენის უკეთ შესწავლაშიც ძალიან დაეხმარება,“– აცხადებს არზუ ჯალალოვა.
საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან თანამშრომლობა. ამ მიზნით, ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა 2023 წლის 16 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ახალგაზრდებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლობას ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების გამოვლენის, პრობლემების გადაჭრის გზების განსაზღვრის და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ კარლო ჯამბურიამ, ხოლო საინიციატივო ჯგუფის მხრიდან – ახალგაზრდებმა. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გაიმართა.
საინიციატივო ჯგუფის აქტივობების გასაზიარებლად და ცნობიერების ასამაღლებლად „უფლებები საქართველოსა“ და „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ ინიციატივით, შეიქმნა ჯგუფის Facebook გვერდი, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.facebook.com/LagodekhiYIG.
საინიციატივო ჯგუფის შექმნა შესაძლებელი გახდა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროექტის ფარგლებში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.