უკრაინის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ დარჩენას 2 წელი შეძლებენ
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 თებერვლის #81 დადგენილებით 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 2 წლამდე გახანგრძლივდა.
24 თებერვლის დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და ცვლილებები დადგენილებაში, „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ ახალი დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
ცვლილების მიხედვით, დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ, გარდა უკრაინის მოქალაქეებისა. ამავე დადგენილების ცვლილების მიხედვით, უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება მიეცათ.
ცნობისთვის, 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების მიხედვით, ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ ვრცელია და 94 ქვეყანას მოიცავს. მათ შორისაა რუსეთის ფედერაციაც.