საჯარო სკოლებში შესაძლოა “უფასო კვების” პროგრამა ამოქმედდეს
2024 წლიდან სკოლებში შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ე.წ. უფასო კვების პროგრამა ამოქმედდეს. UNICEF-ის ჩართულობით განიხილება მოდელი, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და დაფარავს მცირე კონტინგენტიან სკოლებსაც, სადაც 50-მდე მოსწავლე სწავლობს. თითოეული მოსწავლისთვის კი, 2.5-ლარიდან 4.5-ლარამდე ღირებულების ლანჩბოქსის მიწოდება იგეგმება.
ექსპერტები და მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბავშვთა სიღარიბის მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლის გამო, რეფორმა ასამოქმედებელია.
გაეროს ბავშვთა ფონდის ნუტრიციისა და ჯანდაცვის სპეციალისტი, თამარ უგულავა აცხადებს, რომ სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული პრობლემები საკმაოდ მწვავეა და გრძელვადიან პერსპექტივაში მისი მოწესრიგებაც იგეგმება, თუმცა ახლა მათი შეფასებით, კვება კრიტიკულია.
მისივე თქმით, საქართველოში სკოლებში დაახლოებით 550 000 მოსწავლე ირიცხება, ხოლო ამის ნახევარი დაწყებითი კლასის მოსწავლეები არიან, შესაბამისად რეფორმა 280 000-მდე ბავშვის კვებას მოიცავს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
,,იმისთვის, რომ ბავშვმა მაქსიმალურად კონცენტრირება შეძლოს სწავლაზე, აუცილებელია იგი იყოს დანაყრებული, არ აწუხებდეას შიმშილის გრძნობა და მისი კონცენტრირება ხდებოდეს ძირითადად სწავლაზე. ეს გზა ბევრმა ქვეყანამ გაიარა, გაიაზრა როგორც სწავლაში წარმატებისთვის საჭირო საკითხი და ამიტომ შეიტანეს სკოლაში ბავშვთა კვება. ბავშვთა კვებას აქვს ბევრი მიზანი და ის ერთ-ერთი საუკეთესო და გამოკვეთილი მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის. სკოლაში კვების დანერგვა არის ერთ-ერთი უნიკალური პროგრამა და ის მრავალი მიმართულებით იძლევა შედეგებს. ერთ-ერთი დიდი მიზანი ამისი არის ჯანსაღი კვების პრაქტიკის დანერგვა ბავშვებში. როდესაც ბავშვები იღებენ საკვებს სწავლისას და თან სწავლობენ რას ნიშნავს ჯანსაღი კვება, ისინი თვითონ ხდებიან მშობლების განმანათლებლები. ეს კიდევ ერთი წარმატებული შედეგი იქნება რაც სკოლაში კვების პროგრამას შეიძლება ჰქონდეს.
ასევე არსებობს სოფლის მეურნეობაზე მიბნული მიზნებიც. თუ სკოლაში შემოვა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი, ეს იქნება ძალიან დიდი შედეგი სოფლის მეურნეობისთვის. ასევე შეიძლება იყოს გარკვეული პროგრამები, რომელიც მცირე მეწარმეობას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ერთ-ერთი მიზეზი არის მიზანი, როცა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ხელმისაწვდომია ერთჯერადი თუნდაც დაბალანსებული კვება. ამდენი სასიკეთო შდეგი შეიძლება მოყვეს სკოლაში კვების დანერგვას. სკოლაში კვება 159 ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით წარმატებით მუშაობს’’,- განუცხადა Knews.ge-ს თამარ უგულავამ.
მისი განმარტებით, პროგრამის მოდელი სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს და ჩაშლილია ბევრი სავარაუდო შესაძლებლობა, რომელიც ამ პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფომ გამოიყენოს: ეს იქნება საკვების მიწოდების ფორმა თუ ლანჩბოქსების მენიუ. მისივე თქმით, პროგრამის დამუშავების პროცესში რამდენიმე უწყება და სამინისტრო იყო ჩართული.
,,საქართველომ უნდა შეიმუშავოს თავისი პროგრამა, რომელიც არსებული რეალობიდან გამომდინარე იქნება, ლოჯისტიკური და ასევე ფინანსური პორტფოლიოს გათვალისწინებით, ამ საკითხზე მსჯელობა დღეს არ დაწყებულა. ეს საკმაოდ დიდი პროგრამაა, ბევრი კომპონენტისგან შედგება და თითოეულს აქვს მრავალნაირი ვარიანტი. ამიტომ აუცილებელია ვიმსჯელოთ ყველაზე და მივიღოთ ის ფორმა, რამაც შესაძლებელია იმუშავოს.
უნდა მოხდეს განხილვა და გადაწყვეტა, ვის შეეხება ეს პროგრამა. ეს მაგალითად იქნება მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის თუ სხვებისთვისაც. ეს უნდა იყოს საუზმე, სადილი თუ ორივე ერთად. შეიძლება იყოს ეს იყოს ერთიანი რაიონული ან რეგიონული მიდგომა. ასევე უნდა გადაწყდეს როგორ უნდა მოხდეს საკვების მიწოდება მოსწავლისთვის. ეს მოდელი ჩვენს შესაძლებლობებს უნდა მოვარგოთ და ასევე შემუშავდეს დაფინანსების მოდელიც.
ამის დამუშავების პროცესში კონკრეტულად ერთ სამინისტროსთან ვერ ვიმუშავებდით, საჭირო იყო სამთავრობო ჩართულობა. ამ პროცესში ერთ-ერთი ძირითადი იყო განათლების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროები. ყველა ვხვდებით, რომ ურთულეს საკითხს ჩავეჭიდეთ და ერთობლივი მუშაობის გარეშე შედეგს ვერ მივაღწევთ. მე მიხარია, რომ მონახაზი უკვე შედგა, რაღაც ვარიანტებზე შევთანხმდით’’,- განაცხადა თამარ უგულავამ.
მისივე განმარტებით, რაც შეეხება იმას თუ როგორი იქნება საკვების მენიუ, ამაზეც მიდის აქტიური მსჯელობა, თუმცა ერთ-ერთ ვარიანტად, მოსწავლეებისთვის ერთჯერადად ლანჩბოქსების მიწოდება განიხილება, სადაც საკვებთან ერთად იქნება ხილი და წყალი.
თამარ უგულავას თქმით, სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურა არ იძლევა შესაძლებლობას საკვები ადგილზე იქნეს მომზადებული, აქედან გამომდინარე, განიხილება საკვების დისტრიბუცია სკოლებში.
,,რაც შეეხება მენიუს, ასარჩევი ვარიანტებიდან მაგალითად თუ ფოკუსირებული ვიქნებით ლანჩის მიწოდებაზე, ეს შეიძლება იყოს სენდვიჩი, ასევე ხილი და წყალი. ეს არის ის საუკეთესო პაკეტი, რაც შეგვიძლია შევთავაზოთ მოსწავლეებს. რათქმაუნდა სენდვიჩის სხვადასხვა ვარიანტებია და სასურველია თუ მის კომპოზიციაში ცვლილებები პერიოდულად შევა, რომ მენიუ იყოს მრავალფეროვანი.
ცალსახაა რომ საჭმელი ადგილზე ვერ მომზადდება, იმიტომ, რომ სკოლების უმრავლესობას არ გააჩნია საკუთარი სამზარეულო, რომელიც მისცემთ საჭმელის ადგილზე მომზადების საშუალებას. ვფიქრობთ, რომ საკვების მიწოდების გზა უნდა იყოს დისტრიბუცია და არა მისი ადგილზე მომზადება. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ სკოლის საკვები ეს არის ერთხელ მიწოდებული და ბუნებრივია, ბავშვის ერთი დღის რაციონს ვერ ჩავანაცვლებთ ამით. ამიტომ სკოლის და ბაღის კვება განსხვავდება.’’
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მრელაშვილი აცხადებს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სკოლებში საკვებისთვის განკუთვნილი სივრცეები არის, თუმცა, კვების ობიექტი მხოლოდ 7 სკოლაში ფუნქციონირებს.
მისივე განმარტებით, აღნიშნული უფასო კვების მოდელის შემოღება სკოლებში და განხორციელება მნიშვნელოვანია.
,,ზოგადად ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სივრცეები, ყველა სკოლაში გვაქვს მაგრამ ამ დროისთვის ბავშვთა კვების ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ შვილ სკოლაში. ქალაქის 4 და სოფლის სამ სკოლაში. აქ პრობლემაა ის, რომ საკვენის მომწოდებლებს აქვთ ბევრი ხარჯი და როგორც თავად ამბობენ, შემოსავალი აქვთ ძალიან ცოტა, ამიტომ მუშაობა არ უღირთ ამ მიმართულებით.
გარდა ამისა, პანდემიის დროს როცა სკოლები დაკეტილი იყო, ამ კუთხით მომუშავეებს მუშაობის პრობლემები ჰქონდათ, ზოგმა გაგრძელება აღარ მოისურვა ხელშეკრულების და ამ მიმართულებით საქმიანობა შეწყვიტა. ძალიან კარგი იქნება, თუ ამოქმედდება უფასო კვების მოდელი. ეს ოჯახებს ხელს შეუწყობს, რომ ბიუჯეტი დაზოგონ, რადგან ძვირი ჯდება ბავშვების კვება. ზოგს ორი და მეტი შვილი ყავს.
გარდა ამისა, პრემიერის ინიციატივით, 11 სკოლაში იგეგმება შენობების სრული რეაბილიტაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სკოლებში იქნება ევროპული დონის სივრცეები და კვების ობიექტები მოწყობილი. რაც შეეხება სველ წერტილებს, არცერთ სკოლაში ამისი პრობლემა არ გვაქვს’’,- განუცხადა Knews.ge-ს ლევან მრელაშვილმა.