იანვარში საქართველოში დასაქმებულთა მეოთხედზე მეტი 599 ლარამდე ხელფასს იღებდა – PMC
2023 წლის იანვარში საქართველოში დასაქმებულთა 26.7%-ის ხელფასი 599 ლარამდე იყო, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის იანვართან შედარებით, 7.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წლის იანვარში, წლიურად 26.9%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის სახით 9 600 ლარს, ან მეტს იღებდნენ. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ზრდა 78.9%-ია. აღსანიშნავია, რომ იანვარში 9 600 ლარი, ან მასზე მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 1.5%-ს ჰქონდა.
იმ მოქალაქეების რაოდენობამ, რომლების ხელფასიც 2 400 ლარი, ან უფრო მაღალი იყო, იანვარში მთლიანი დასაქმებულების 17.9% შეადგინა. მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.2 პროცენტული პუნქტით, 2021 წლის იანვართან შედარებით კი, 6.9 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.
კვლევის თანახმად, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იანვარში ხელფასს იღებდნენ, წლიურად 2.5%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.7%-ით გაიზარდა.
PMC-ის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 40,531 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021-2022 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით 7 077 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსები/სტატისტიკის კატეგორიაში, 11 652 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, 9 004 ვაკანსია კი – ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში.