2 წლის ბავშვს სხეულზე სიგარეტით დამწვრობები აქვს – მცირეწლოვანს გურჯაანიდან თბილისში გადაიყვანენ
ორი წლის ბავშვი, რომელიც, სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლია – გურჯაანის ერთ-ერთ კლინიკაში მცირეწლოვანი გოგონა სხეულზე დაზიანებებით შეიყვანეს. მას, დიდი ალბათობით, სიგარეტის მიწვის კვალი აღენიშნება. გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვზე ოჯახის წევრები ძალადობენ.
“კურიერი” ბავშვის ბებიას და კლინიკის ექიმს ესაუბრა.
“დაზიანებები აქვს სხეულზე, სახეზე, ხელზე და დამწვარია. მე არ დამინახავს სცემდა [ოჯახის წევრი], თუ რას აკეთებდა, მაგრამ ხელები ჰქონდა დასიებული. თვითონ აღიარა, რომ მე ვატკინეო. სცემდა. მე ვუთხარი, რატომ აკეთებ მეთქი? სულ შავი ჰქონდა თვალი, სისხლი ჰქონდა თვალში,“ – ამბობს ბებია.
“ჯეო ჰოსპიტალსის” გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი, გელა ორველაშვილი ამბობს, რომ ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა და იგეგმება მისი თბილისში გადაყვანა.
“2 წლის ბავშვია შემოყვანილი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნება ტკივილი მუცლის არეში, მუცლის შებერილობა და დამწვრობის მიდამოები მუცლის წინა კედელსა და ორივე ქვემო კიდურის არეში. ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა და გადავიყვანთ თბილისის ბავშვთა სპეციალიზირებულ კლინიკაში,“ – ამბობს ექიმი.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.