რეგულირების სააგენტო სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლს იწყებს
მთავრობამ „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2023 წლის პროგრამა“ დაამტკიცა. პროგრამის აღმასრულებელი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იქნება.
პროგრამის მიზანია ფარმაცევტული ბაზრის დაცვა ფალსიფიცირებული, წუნდებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამკურნალო საშუალებისაგან.
საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დადგენილებით ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებისაგან შეისყიდის სამკურნალო საშუალების ნიმუშს და დაადგენს, რამდენად დაცულია შეფუთვა-მარკირების, ვარგისობის, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების, დისტრიბუციის უფლებისა და სხვა, კანონით განსაზღვრული მოთხოვნები.
სადისტრიბუციო ჯაჭვის იმ რგოლში, სადაც ვერ ხერხდება შესყიდვის განხორციელება, სააგენტო აწარმოებს სინჯის აღებას.
ფალსიფიკაციისა და გაუვარგისების მაღალი რისკის კრიტერიუმების არსებობისას, სააგენტო უზრუნველყოფს სადისტრიბუციო რგოლში შესყიდული ნიმუშის/აღებული სინჯის ლაბორატორიულ კვლევას.
სამკურნალო საშუალების ლაბორატორიული კონტროლი, ადგილობრივი ლაბორატორიის პარალელურად, შესაძლებელია, ჩატარდეს საზღვარგარეთ. პროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარით განისაზღვრა.