ახალი ამბები

ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა შეხვედრა.

უკრაინის პრეზიდენტის, განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დღეს გამართული მოლაპარაკებები ნაყოფიერი და ძალიან გადამწყვეტი იყო.

„ვიმედოვნებთ, რომ 2023 წელი გამარჯვების წელი იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, უკრაინას ძალიან რთული პერიოდი უდგას, მაგრამ ის მიაღწევს ისტორიულ წარმატებას აშშ-სა და დანარჩენი მსოფლიოს დახმარებით.

„დღეს მოლაპარაკებები ძალიან ნაყოფიერი, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გადამწყვეტი იყო, შედეგები აუცილებლად აისახება ბრძოლის ველზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტის დროს ქვეყნისთვის დამატებითი, ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის დახმარება დააანონსა.

ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის დამატებითი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალა, მეტი „ჯაველინები“ და ჰაუბიცები.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგობის მედეგობაზე.

„ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენი დღეს კიევს ეწვია და პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას შეხვდა.