ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 269 ფაქტი გამოავლინეს.
მათ შორის 190 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 79 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან, 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 59 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზეა გამოვლენილი. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 441 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 71 ფაქტი. აღსანიშნავია, რომ მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.