ახალი ამბები

რა მდგომარეობაშია თელავში საცხოვრებელი კორპუსები- რას ფიქრობენ ადგილობრივები

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში სულ უფრო აქტიურად წერენ საქართველოს დედაქალაქსა და მუნიციპალიტეტებში არსებული შენობების მდგომარეობაზე. ადგილობრივები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ შენობების უმეტესობა, სადაც თავად ცხოვრობენ, ძველი აშენებულია და ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს. მათი თქმით, მრავალსართულიანი შენობების მცხოვრებლები ლიფტითაც ვერ სარგებლობენ.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც თელავში მცხოვრებლები ამახვილებენ ყურადღებას, მრავალსართულიან შენობებზე მიშენებული უკანონო ნაგებობებია, რომელიც საფრთხის შემცველია. მათივე თქმით, ზოგი ნაგებობა ისეა აშენებული, რომ შესაძლოა მცირე მიწისძვრის შემთხვევაშიც კი ჩამოიშალოს.
,,ბევრგან არის ეს პრობლემა, მაგრამ თელავში, განსაკუთრებით რთული სიტუაციაა. მაგალითად: ალაზნის გამზირზე, კორპუსები უკვე ავარიულ მდგომარეობაშია, აქვს დიდი უკანონო მიშენებები,ზოგი მიშენება თითქმის ერთი ოთახის ხელაა. ამისი მკაცრი კონტროლი უნდა მომხდარიყო თავის დროზე. გარდა ამისა, თუ კეთდება რაიმე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ძირითადად კოსმეტიკური და სხვა არაფერი. არავინ მოდის და ნახულობს ან ამოწმებს რა მდგომარეობაშია კორპუსი სადაც ამდენი ადამიანი ცხოვრობს ერთად. მიწისძვრა რომ იყოს, ან სხვა სახის სტიქია, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ არ ვიცი”,- აცხადებს თელავში, ალაზნის გამზირზე მცხოვრები ლელა მეფარიძე.

აღნიშნულ პრობლემებზე საუბრობენ თელავში, სხვა ქუჩებზე, მრავალსართულიანი შენობების მცხოვრებლებიც. მათი თქმით, ბოლო დღეებში, თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრის და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ, ეშინიათ, ძველ აშენებულ შენობებში მშვიდად ცხოვრება.

,,ადრე თბილისში იყო შემთხვევა, რომ კორპუსში ლიფტი ჩავარდა და ახალგაზრდები დაიღუპნენ, ლიფთების გაუმართავობის ფაქტები შემდეგ სხვაგანაც დაფიქსირდა. ახლა კი თურქეთის მიწისძვრა მოხდა, სადაც ამდენი ხალხი დაიღუპა. თელავშიც შენობები ძველი აშენებულია და ჩვენც გვეშინია ძალიან. კარგი იქნება თუ დაინტერესდებიან ამ საკითხით, ჩატარდება კვლევა, რა მდგომარეობაშია კორპუსები, არის თუ არა ვარგისი საცხოვრებლად ან რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კონკრეტულ შენობაში ცხოვრება უსაფრთხო იყოს. ამის შემდეგ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, რა და როგორ გაკეთდეს”,– განაცხადეს თელავში მცხოვრებლებმა.

რამდენად უსაფრთხოა თელავში არსებული შენობები საცხოვრებლად და რა მდგომარეობაშია, აღნიშნულ საკითხზე knews.ge-მ გამოკითხვა თელავში ჩაატარა. გამოკითხულთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ შენობები ძველია, თუმცა საცხოვრებლად საშიში არ არის. გამოკითხულთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ შენობები ავარიულია და აუცილებელია დროულად მიეხედოს.

,,ჩემი აზრით, თბილისთან და ბათუმთან შედარებით, თელავში ამ კუთხით შედარებით კარგი სიტუაციაა”,- აცხადებს გამოკითხული ერთ-ერთი მოქალაქე.
,,მე ვფიქრობ, რომ თელავში, ზოგიერთი კორპუსი მძიმე მდგომარეობაშია. მეც კორპუსში ვცხოვრობ და ხან რა გაყვანილობა ზიანდება, ხან რა. ძველი აშენებულია და მაგიტომ. არც არავინ დაინტერესებულა ამ საკითხით”,– აცხადებენ ადგილობრივები.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან საქართველოს სამშენებლო სტანდარტებში ევროკოდები შემოდის, რომელმაც სექტორი სრულად ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. მათ შორის, აამაღლოს შენობების სეისმომედეგობა და უსაფრთხობა. როგორც აპროექტო კომპანია Q Engineering-ის დამფუძნებელი, მთავარი ინჟნერი ირაკლი ურუშაძე აცხადებს, შედეგად, სამშენებლო ნორმები გათანაბრდება ევროპულთან და ამაღლდება შენობებისა და მშენებელობების უსაფრთხოებაც. ახალი სტანდარტების შემოტანის პარალელურად, განახლდება სეისმური რუკებიც რაც სეისმური საფრთხის შეფასების საფუძველია.

,,დღეს მოქმედი სეისმური რუკა მოძველებულია, თუმცა, ეს რუკები ყოველთვის ახლდება და მკაცრდება. ყველა შემთხვევაში, ის რუკა რაც შემოვა ევროკოდთან ერთად უფრო მკაცრი იქნება, უსაფრთხოება იქნება უფრო პრიორიტეტული, რადგან, გარდა რუკებისა თანამედროვე მეთოდოლოგია შემოვა, რითაც უნდა დაითვალოს შენობაზე სისმური ზეგავლენა, რაც შეამცირებს რისკებს და გაზრდის სეისმომედეგობას. ქართული სეისმური სტანდარტი 2010 წელსაა მიღებული. ის ითვალისწინებს რაღაც ნაწილით ევროპულ ნორმებსაც, უკრაინულსაც, ძველ საბჭოთა ნორმებსაც. მაგრამ ეს უკვე მოძველებული ნორმაა და როგორც წესი, 10 წელიწადში ერთხელ ნორმები იცვლება ხოლმე, იქედან გამომდინარე, რომ ცოდნა იზრდება იმ სფეროში ”,- აცხადებს ირაკლი ურუშაძე.

One thought on “რა მდგომარეობაშია თელავში საცხოვრებელი კორპუსები- რას ფიქრობენ ადგილობრივები

Comments are closed.