საქართველოს მთავრობას შეეძლება კონკრეტულ დარგებში უცხოელების დასაქმება შეზღუდოს
პარლამენტმა მიგრაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო.
კანონში ბევრი ახალი ჩანაწერი ჩნდება, მათ შორის, მთავრობას უფლება ექნება საქართველოში უცხოელები არ დაასაქმოს, თუ კი ჩათვლის, რომ ბაზარი ისედაც გაჯერებულია, ან პირიქით, მუშა ხელი ჩამოიყვანოს, თუ ამის საჭიროება გაჩნდება.
ასეთი ჩანაწერი მიგრაციის შესახებ კანონში აქამდე არ არსებობდა. ბიზნესს კი ახალი კანონპროექტით უჩნდება ვალდებულება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია თავიანთ კომპანიაში დასაქმებული უცხოელების შესახებ. ამ მომენტისთვის, ქვეყანაში ასეთი სტატისტიკა არ არსებობს და მხოლოდ 2019 წლის მონაცემებია, რომლის თანახმად ქვეყანაში დაახლოებით 40 000 უცხოელი მუშაობს.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს შემზღუდველი მუხლია და ეკონომიკაზეც ვერ ექნება დადებითი გავლენა გრძელვადიან პერსპექტივაში. იურისტები ვერ ხსნიან, რატომ არის აუცილებელი კონკურენციის ხელოვნურად შეზღუდვა და ჩარევა იმაში თუ რამდენი პოლონელი, გერმანელი ან ავსტრიელი დასაქმდება საქართველოში.
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში მიგრაციული სალდო კვლავაც უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ქვეყნიდან გადიან აღემატებიან მათ, ვინც იბადება ან ქვეყანაში შემოდის.