ახალი ამბები

გრანტი საქართველოში დაბრუნებულ 200-მდე ემიგრანტს გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას აგრძელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერა და ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება.

გრანტი მაქსიმუმ 4 000 ლარია. წლის განმავლობაში განაცხადების მიღება ორ ეტაპად ცხადდება და ჯამში, გრანტი 200-მდე მიგრანტს გადაეცემა. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.

განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება:

თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
გორი, სამების ქ. N1;
რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge