მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის დაკვლის საფასური გაიზარდა
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის დაკვლის საფასური გაიზარდა, ხოლო ცხვრის/თხის შემცირდა.
ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
„2022 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 118 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.6 პროცენტი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 17.8 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 14.4 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 12.7 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 11 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 25.4 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის მე-4კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 113.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 45.3 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 44.8 პროცენტი – ღორი, ხოლო 9.1 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.8 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 316 700 ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2022 წლის მე-4 კვარტალში 14.1 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 39.1 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 40.4 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 19.4 პროცენტი – ღორის ხორცზე, 1.2 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 14.5 ათას პირს, საიდანაც 34.7 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 103 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 33.7 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 12.9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 28 ლარი,“- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის მე-3 კვარტალის მდგომარეობით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში – 32.6 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14.9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 27.5 ლარი იყო.