რა ტურისტული ტურებით სარგებლობას შეძლებთ ახალსოფელში
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მოსწავლეებმა ეკოტურისტული კომპანია ,,ლაქმან.ჯო“ შექმნეს.
ახალგაზრდები Knews.ge-სთან საუბარში აცხადებენ რომ ეკოტურისტული სააგენტოს დაარსება ხუთი თანატოლის იდეა იყო. ისინი აღნიშნავენ, რომ მსგავსი მომსახურება მუნიციპალიტეტში არ არსებობს, შესაბამისად, სურთ, რომ ტურისტული სერვისი დანერგონ და განავითარონ მუნიციპალიტეტში. ტურებს მოარგებენ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს.
,,ჩვენი კომპანია Junior Achievement Georgia – ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ ფარგლებში შეიქმნა. როდესაც გავიგეთ ამ პროექტის შესახებ, რამდენიმე იდეას შორის ავირჩიეთ ის, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
კომპანიის სახელწოდებაზე ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ მასში ჩვენი გუნდის ყველა წევრის_, ლაშა, ქეთი, ნინი, მარი, გიორგი_, სახელის ინიციალი გაერთიანებულიყო, თან, ასე ვთქვათ, კახური სახელი ყოფილიყო და დავარქვით ლაქმან.ჯო.
კახეთი, ყვარლის მუნიციპალიტეტი, გამოირჩევა მრავალფეროვანი ლანდშაფტით, არის უნიკალური ფლორა და ფაუნა, უამრავი საინტერესო ადგილები, ისტორიული ძეგლებია მოსანახულებელი, და ტურისტული კომპანიები არ გვაქვს. გვინდა, რომ ყველას გავაცნოთ ჩვენი კუთხე, ისტორიული ძეგლები“, – აცხადებს ლაშა ვარდიაშვილი.
რაც შეეხება გიდების საკითხს, თავად მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი მოემსახურება ვიზიტორებს.
,,მომხმარებლებს შევთავაზებთ საფეხმავლო, საცხენოსნო, სამანქანო ტურებს. ინფორმაციები ტურების შესახებ გვექნება ქართულად და ინგლისურად. როდესაც გუნდი შედგა, ყველას სხვადასხვა ინტერესი გვქონდა, მაგალითად მარიამს უყვარს ისტორია, ნინის_ კულინარია. სწორედ, ნინი დაგეგმავს გასტრონომიულ ტურებს. გვექნება ქართული, ავარული, უდების ტრადიციული კერძები, ასევე ოსური სამზარეულო. ამ მხრივაც ფართო არჩევანი გვექნება“, – გვითხრა ქეთი თავლიაშვილმა.
ახალგაზრდებმა პირველი ტურის მონაწილეებს ცოტა ხნის წინ უმასპინძლეს. ამბობენ რომ თავი კარგად გაართვეს, თუმცა, სამომავლოდ ბევრ რამეს შეცვლიან.
,,პირველი ორდღიანი ტური უკვე მოვაწყეთ, 25 კაციან ადგილობრივი ტურისტების ჯგუფს ვუმასპინძლეთ. ტურის მონაწილეებს საშუალება მივეცით, ეთქვათ რა მოეწონათ, და რას შეცვლიდნენ, რასაც, ასე ვთქვათ, შემდეგ ტურებზე გზამკვლევად გამოვიყენებთ. უკვე დავიწყეთ მეორე ტურის დაგეგმვა და ამის შესახებ საზოგადოებას ცოტა ხანში ვაცნობებთ. მინდა დავამატო რომ ტურების პროცესში მოვაწყობთ ბუნების დაცვით აქტივობებსაც“.
ახალგაზრდების განცხადებით, ამ ეტაპზე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში აგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა საინტერესო ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ.
,,ავითვისებთ ყვარლის მუნიციპალიტეტს და შემდეგ უკვე ვაპირებთ, რომ გავიდეთ კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში, რადგან ვცდილობთ, მეტი საინტერესო და უცნობი ადგილი განვხადოთ ცნობადი. მინდა ასევე, დავამატო, რომ არის ღამისთევის საშუალებაც და ჩამოსულ ტურისტს შეუძლია, დაჯავშნოს როგორც ერთი, ისე რამდენიმედღიანი მისთვის სასურველი ტური“.