პოლიციამ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და საქართველოს მასშტაბით 13 პირი დააკავეს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
,,კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ბ.ს. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ამავე დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1982 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ზ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი.
დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების,გასაღების, ასევე, წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, აგრეთვე, სსკ-ის 214-ე მუხლით მიმდინარეობს“,– ნათქვამია ინფორმაციაში.