ლაგოდეხში დაწურული ქართული ღვინო უახლოეს მომავალში ამერიკის ბაზარზე გამოჩნდება
ლაგოდეხში არსებულ მარანში დაწურული ქართული ღვინო უახლოეს მომავალში ამერიკის ბაზარზეც გამოჩნდება.
მეღვინეობა „შათირის“ დამფუძნებელი ვახო შათირიშვილი აცხადებს, რომ ამერიკის ბაზარზე ღვინის გასაყიდად, შესაბამისი მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.
„უკვე აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენი წარმოების ქვევრის ღვინო ამერიკაში გამოვიტანოთ. ექსპორტიორთან, რომელიც ღვინოს ამერიკაში შემოიტანს, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ასევე მყავს ამერიკელი პარტნიორი, ვისთან ერთადაც მაქსიმალურად ვცდილობ ამ ბაზრის ათვისებას. ზაფხულის დასაწყისში ჩვენი ღვინოები უკვე ამერიკაში იქნება. ღვინის საექსპორტო ფასი $7-დან $12-ის ფარგლებშია. წარმოების მცირე ნაწილი უკვე გაგვაქვს ლიეტუვასა და გერმანიაში“, – აცხადებს ვახო შათირიშვილი.
„შათირის“ დამფუძნებელი ქართული ღვინის უცხოურ ბაზარზე პოპულარიზაციის პრობლემებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამერიკულ ბაზარზე ფეხის მოკიდება საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, BM.GE-სთან საუბრისას „შათირის“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ წარმოების 80% საქართველოში რეალიზდება.
კომპანია „შათირი“ 2018 წელს 5000-ლარიანი ინვესტიციით შეიქმნა. კახეთში გაშენებული ვენახებიდან ისინი ჯღიას, საფერავს, გრძელმტევანას, ქისს, რქაწითელსა და სხვა ჯიშის ყურძნისგან 6 სახეობის ღვინოს აწარმოებენ.