უცხოელებს შესაძლოა საქართველოში კონკრეტულ პროფესიებზე დასაქმება შეეზღუდოთ – კანონპროექტი
ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელიც შრომითი მიგრაციის რეგულირებას ეხება.
მთავრობის მომზადებული პაკეტის განხილვა პარლამენტმა დღეიდან დაიწყო.
ცვლილებების მიხედვით, დასაქმების საშუამავლო კომპანიებს სავალდებულო სერტიფიცირება მოუწევთ. ამასთან, დამსაქმებლები ვალდებულები იქნებიან ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ სისტემაში საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის დასაქმების შესახებ მონაცემები დაარეგისტრირონ.
კიდევ ერთი პუნქტით, რომელიც კანონპროექტში გვხვდება, მთავრობას ახალი უფლება უჩნდება.
კანონპროექტში ვკითხულობთ:
“მთავრობას შეუძლია შეზღუდოს უცხოური სამუშაო ძალის იმ პროფესიის ან სპეციალობის მოზიდვა, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება აჭარბებს (ან გადააჭარბებს) მასზე მიმდინარე მოთხოვნას;
ასევე შეზღუდვის პარალელურად სახელმწიფოს უჩნდება უფლება წაახალისოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა ისეთი პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება ვერ აკმაყოფილებს (ან ვერ დააკმაყოფილებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ) მოთხოვნას”.