ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს 15 თებერვალს უყრიან
ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს 15 თებერვალს უყრიან.
შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ევროპარლამენტში რეზოლუციის ხუთი ტექსტია წარდგენილი, რომელთაგან ორში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც არის საუბარი. ერთი ტექსტის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“ , მეორესი კი – „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“.
“[რეზოლუცია] ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პირადი ვენდეტის ფარგლებში განხორციელებულ დაკავებაში, კვლავ მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, – აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციის ტექსტში.
„ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის“ ტექსტში კი ნათქვამია, რომ ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის პარტნიორებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება უნდა განიხილონ.
“[რეზოლუცია] გმობს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შესრულებულ პირად როლს; იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, რომ განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.