კახეთში, ცხოველთა ინტერმუნიციპალურ სააგენტოში, გასულ წელს, სტერილიზაცია 3 922-ძაღლს ჩაუტარდა
კახეთში, ცხოველთა ინტერმუნიციპალურ სააგენტოში, გასულ წელს, სტერილიზაცია 3 922-ძაღლს ჩაუტარდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სულ ორი ინტერმუნიციპალური სააგენტოა, სადაც მიუსაფარი ცხოველების მკურნალობა და დროებით დაყოვნება ხდება. აქედან ერთ-ერთი კახეთში, კერძოდ, გურჯაანში მდებარეობს. იგი კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტსი მუშაობს და მიუსაფარ ცხოველებს ემსახურება.
ცხოველთა ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორი თემურ ზავრაშვილი აცხადებს, რომ 2022 წელს სტერილიზაცია/კასტრაცია ჩაუტარდა 3922-ძაღლს და 196-კატას.
„2022 წლის გეგმა იყო, რომ 3000 მიუსაფარ ცხოველს ჩატარებოდა სტერილიზაცია/კასტრაცია და ცოფზე აცრა, წელს გეგმაში გვაქვს, რომ გაორმაგდეს წინა წლის მაჩვენებელი”,- განაცხადა სააგენტოს დირექტორმა თემურ ზავრაშვილმა.
მისივე თქმით, ინტერმუნიციპალურ სააგენტოში პატრონიანი ძაღლების მომსახურების საფასური დაწესდა.
„სააგენტოში შეიცვალა პატრონიანი ძაღლების მომსახურების წესი. 2022 წელს მათთვის ეს მომსახურება უფასო იყო, ახლა კი ფასიანი გახდა და მაქსიმალური გადასახადი, ძაღლის მოცულობის მიხედვით, 80 ლარია”,– განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ კახეთის მასშტაბით დაახლოებით 25 000 ძაღლი ბინადრობს, აქედან უმეტესობა მიუსაფარია.