ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი გურჯაანის „საქმიან ეზოში“ იმყოფებოდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის „საქმიან ეზოში“ იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე სამუშაოებს კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად გაეცნო.
ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, სოციალური ჭრა სატყეო სააგენტოს კომფორტული სერვისებით ჩანაცვლდება, რათა მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს როგორც საშეშე მერქანი, ისე სხვა მერქნული რესურსი.
„ჩვენი მთავარი მიზანი, სატყეო მეურნეობის განვითარებასთან ერთად, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. სოციალური ჭრა სატყეო სააგენტოს კომფორტული სერვისებით ჩანაცვლდება, რათა მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს როგორც საშეშე მერქანი, ისე სხვა მერქნული რესურსი“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა.
უწყების ცნობით, „საქმიანი ეზოებიდან“ საშეშე მერქნის შეძენაზე სრულად გადასვლა, სატყეო რეფორმის მიხედვით, 2026 წლიდან იგეგმება. ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოები და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის განვითარება უზრუნველყოფს, როგორც მოსახლეობის მიერ სათბობი შეშის შეუფერხებლად ათვისებას, ასევე, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს ზრდის.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, თითქმის ყველა რეგიონში 39 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. 2023 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 17 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.