ახალი ამბები

რა შედეგს მოიტანს ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესება

2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა. ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხება 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება.

თელავის რეფერალური საავადმყოს დირექტორი, ხათუნა ჭონიაშვილი აცხადებს, რომ შესაბამის ანაზღაურებას ექიმები და ექთნები იანვრის თვიდან აიღებენ. მისივე თქმით, მსგავსი სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია, როგორც სამედიცინო დაწესებულებებისთვის, ისე იქ მომუშავე ექიმებისა და ექთნებისთვის.

,,დადგენილების თანახმად, ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მთავრობის დადგენილების საფუძველზე მოახდინოს ექიმებისა და ექთნების შრომის ანაზღაურება. ამ დროისთვის ჩვენთან მიმდინარეობს შესაბამისი ბიუჯეტირების პროექტის მომზადება და იანვრის თვეში შესაბამისად მოხდება ხელფასების გაცემა. გარდა ამისა, ამ დადგენილებას ხელფასების ზრდაც მოყვება. ექიმის ანაზღაურება საათში იქნება 7 ლარი. შესაძლებელია ბევრ შემთხვევაში ეს თანხა გაცილებით მეტი იყო, მაგრამ იყო შემხვევა, რომ ნაკლები იყო ანაზღაურება. ეს არის მინიმალური ზღვარი და რათქმაუნდა არ არის შეზღუდული დაწესებულება, რომ მეტი ანაზღაურება მისცეს ექიმს. რათქმაუნდა გადაიხედება და კრიტიკულ გაყოფილებებში მომუშავე წარმომადგენლებს მეტი ანაზღაურება ექნებათ. ჩვენს მიერ მინიმალური ზღვარი აუცილებლად იქნება დაცული და გათვალისწინებული. ასე იყო კოვიდის პერიოდშიც. სახელმწიფოს მიერ მითითებული იყო როგორ უნდა მომხდარიყო ამ პერიოდში ექიმების ანაზღაურება. ამ კუთხით სხვებთან ერთად, გადამოწმდა ჩვენი დაწესებულებაც და არანაირი შენიშვნა არ მიგვიღია”,- განუცხადა Knews.ge-ს ხათუნა ჭონიაშვილმა.

აღნიშნულ სიახლეს დადებითად აფასებს მოსახლეობა. მათი თქმით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ამოქმედება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ექიმების და ექთნებისთვის სწორი და სათანადო ანაზღაურების დადგენას.

,,კარგია რომ ამ კუთხით რაღაცას ექცევა ყურადღება. ექიმს უნდა ჰქონდეს იმდენი ხელფასი, რომ უღირდეს მუშაობა. ის ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობს და შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს”,– აცხადებენ ადგილობრივები.

სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პირების თქმით კი მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ანაზღაურების დაწესდა, მაინც მცირეა როგორც ექიმის, ასევე ექთნის, სანიტრების და დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის ხელფასები.

,,ძალიან კარგია სიახლეები მაგრამ ხელფასები ძალიან მცირეა. ექიმს რატომ უნდა ჰქონდეს 500 ლარი ხელფასი და სანიტარს სამასი? ზოგი სანიტარი მაგდენსაც ვერ იღებს. 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, ამდენ საქმეს ვაკეთებთ და ეს თანხა საკმარისია იმისთვის რომ თავი შევინახოთ? თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი გაძვირდა. ამ საკითხს აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება”,– აცხადებენ Knews.ge-სთან საუბრისას სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავეები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრიდან ასევე, სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასი 10%-ით, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება 100 ლარით გაიზარდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, 190 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მინიმალური ანაზღაურების სისტემასთან დაკავშირებული რეგულაციის აღსრულების მონიტორინგი შრომის ინსპექციას დაეკისრა. შრომის უფლებების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს შეუძლია ცხელ ხაზზე 1575-ზე დარეკოს. ზარის ავტორის კონფიდენციალობა დაცული იქნება.
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ თუკი დადასტურდება, რომ კლინიკის მენეჯმენტმა მედპერსონალს სამუშაო პირობები მინიმალური ხელფასის გადახდისგან თავის არიდების მიზნით გაუუარესა, სანქციები დაეკისრება.

მისივე თქმით, არის სამწუხარო შემთხვევები, როდესაც კლინიკების ხელმძღვანელობას ექთნები იძულებით გადაჰყავს უფრო დაბალ პოზიციაზე, რათა მათ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება არ გადაუხადონ. მისი განმარტებით, უწყების ცხელ ხაზზე და სხვა პლატფორმების საშუალებით ექიმებისა და ექთნების მხრიდან მსგავსი შინაარსის საჩივრები შევიდა.

,,საჩივრებში საუბარია ექიმის ან ექთნის უფრო დაბალ პოზიციაზე გადანიშვნის შესახებ. ამ საქმეებზე მოკვლევა უკვე დაიწყო და თუ ფაქტი დადასტურდა, ეს ჩაითვლება დარღვევად, რადგან დასაქმებულის სამუშაო პირობების გაუარესება მისი თანხსმობის გარეშე არ შეიძლება. თუ აღმოვაჩენთ, რომ ადამიანებს შრომითი პირობები გაუუარესდათ იმის გამო, რომ არ მიეღოთ კუთვნილი ხელფასები, ამას ბუნებრივია ჩავთვლით დარღვევად. დარღვევა გულისხმობს როგორც დაჯარიმებას, ისე თანხის დაკავებას. ასევე შეიძლება იყოს სამუშაო პროცესის შეჩერება – გააჩნია დარღვევის სიმძიმეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაქტები დადასტურებულად იქნება, ჩვენ დავავალებთ სამედიცინო დაწესებულებებს, სრულად აანაზღაურონ ის თანხა, რომელიც დასაქმებულისთვის უნდა ჩაერიცხათ და ყოველი გადაცილებული დღისთვის იქნება თანხის 0,07%,“ – განმარტა ბექა ფერაძემ.