საქართველოს ტყეში მოკრეფილი სოკოს შეძენა უკვე ინტერნეტით შეიძლება
ცოტა ხნის წინ შეიქმნა და ონლაინ სივრცეში გაეშვა ტყის სოკოების პირველი ქართული ონლაინ-მაღაზია boletto.ge.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, Boletto, ადგილობრივ მომწოდებლებთან თანამშრომლობით, მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს ტყის სოკოებს, ეკოლოგიურად სუფთა ტყეებში. მისი მიწოდების ჯაჭვი საქართველოს ტყეებსა და მაღალმთიან სოფლებში იწყება. ადგილობრივი მოსახლეებისგან დილით შეგროვებულ ტყის სოკოებს იბარებენ, დღის ბოლომდე არჩევენ, ასუფთავებენ და შოკურად ყინავენ ან აშრობენ. შედეგად, მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ტყის სოკოების შენახვა და მსურველებისთვის შეთავაზება.
Boletto-ს გუნდი 2012 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობს ტყის არამერქნული პროდუქტების (NTFPs), სამკურნალო და კულინარიული მცენარეების, ველური კენკრისა და ტყის სოკოების შეგროვებაზე, გადამუშავებასა და ექსპორტზე.