როგორია საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებულთა მდგომარეობა
„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, თავდასხმისას დაჭრილი ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო მესამე, 24 წლის მამაკაცი, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
„ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დილისათვის დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება და მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. ამჟამად, ჩვენთან სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას“, – განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.
მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.