სროლის შედეგად დაჭრილი 5 პირიდან 4 „ჯეოჰოსპიტალსის“ საგარეჯოს ფილიალში რჩება, 1 კი კატასტროფის ბრიგადით თბილისშია გადაყვანილი
საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი 5 პირიდან 4 „ჯეოჰოსპიტალსის“ საგარეჯოს ფილიალში რჩება, 1 კი კატასტროფის ბრიგადით თბილისშია გადაყვანილი.
როგორც ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, მამუკა ოთიაშვილმა განუცხადა, 5 პირიდან შედარებით მძიმეა 1 პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია უტარდება.
„კლინიკაში შემოიყვანეს 6 პაციენტი, საიდანაც ერთი გარდაიცვალა. 5 პირიდან შედარებით მძიმეა 1-ის მდგომარეობა, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. 3 პაციენტს ჩაუტარდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და ყველა მათგანი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო 1 კატასტროფის ბრიგადით გადაყვანილია თბილისში, თვალის ზედაპირული ტრავმის გამო“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, დაჭრილებს ცეცხლსასროლი ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებათ.
„ერთ პაციენტს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აქვს, არის ქვედა კიდურის ნაკვეთი ჭრილობაც“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.
მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.