შსს – საგარეჯოში, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მყოფმა შეიარაღებულმა პირმა, სპეცრაზმის მისვლისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მყოფმა შეიარაღებულმა პირმა, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, პირმა, რომლის მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად არიან მოკლულები და დაჭრილები, თავი ადგილზე სპეცრაზმის მისვლისთანავე მოიკლა.
რაც შეეხება მოკლულებისა და დაჭრილების რაოდენობას, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.
„ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.
ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.