ახალი ამბები

როდიდან გახდება თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ფასიანი და რა ეღირება გადაადგილება

ორ წელზე მეტია თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ ემსახურება.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ავტობუსებით გადაადგილება ფასიანი 16 იანვრიდან უნდა გამხდარიყო, თუმცა, როგორც Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალი გაჩერებების და საინფორმაციო ელექტრონული დაფების მონტაჟი და კონტროლიორების გადამზადების პროცესი.

მისივე განმარტებით, ქალაქის ტერიტორიაზე დაგეგმილია 18 ახალი გაჩერების და მოსაცდელების მოწყობაც, რომელიც თანამედროვე სტანდარტების იქნება.
რაც შეეხება მგზავრობის გადასახადს და გადახდის ფორმას, ლევან ანდრიაშვილის თქმით, ამაზეც მიდის აქტიური მსჯელობა. მისივე განმარტებით, არ არის გამორიცხული მგზავრობისთვის დაწესებული თანხა გადაიხედოს და შემცირდეს მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

,,ჩვენ დაანონსებული გვქონდა რომ 16 იანვრიდან ავტობუსები ფასიანი გახდებოდა, მაგრამ სამუშაო პროცესში, ტექნიკურმა მხარემ, პროგრამულმა უზრუნველყოფამ და სხვა ფაქტორებმა, გაუთვალისწინებელი პრობლემები შეგვიქმნა და ამიტომ ვადას გადავწევთ. ჩვენ არ გვინდა მოსახლეობას შევთავაზოთ ისეთი სერვისი, რომელიც ბოლომდე არ იქნება დახვეწილი. მგზავრობის გადასახადს რაც შეეხება, ორი სხვადასხვა ფასი იქნება მოცემული : ერთი სტანდარტული და ერთი საშეღავათო. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ შესაძლებელია თანხაზე კიდევ ვიმსჯელოთ და მოსახლეობას მეტად გვერდში დავუდგეთ, რომ კიდევ უფრო ადეკვატური ფასი შევთავაზოთ. ჩვენ კი მივიღეთ ტარიფები, მაგრამ ეს საკითხი მაინც განხილვის საგნად რჩება და მიდის მსჯელობა, რომ მოსახლეობის პოზიცია და სურვილი მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ამ დროისთვის ჯერ სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდა. ამჟამად უკვე ჩაშვებულია ბარათით გადახდის შესაძლებლობა, მაგრამ ამ ყველაფერს ჯერ შიდა მოხმარებისთვის ვაკეთებთ. გვინდა ვნახოთ როგორ ისახება თანხები, როგორ ხდება გადარიცხვა და როგორც კი დავასრულებთ ამ პროცესს, ამ პროდუქტს მივაწვდით მოსახლეობას.

იმ ადამიანებთან, ვინც უნდა ისარგებლოს შეღავათებით, თითქმის ყველასთან დარეკილია. ჩვენ დეკემბრის თვის დასაწყისიდან დავიწყეთ შეტყობინებების გაგზავნა და დარეკვა, რომ მოქალაქეებმა მიაკითხონ სოფლებშის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმოამდგენლებს, ან მოვიდნენ მერიაში და აქ აიღონ ბარათები. ამჟამად მიმდინარეობს ბარათების დახარისხება, რომ მაგალითად ვისაც ეკუთვნის საშეღავათო ბარათი მან აიღოს და ისარგებლოს.

ეს ბარათებიც, როგორც ყველა სხვა, იქნება ფასიანი. მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ თანხა ჩარიცხოს და მაგით გადაიხადოს გადასახადი. მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი. ბარათების მიწოდებაც ცოტა გაჭიანურდა, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი რატომ ვერ იწყება ფასის ამოქმედება 16 იანვრიდან. როცა ბარათები ყველაზე იქნება განაწილებული, პირველ რიგში შეღავათებით ვინც სარგებლობს მათზე, როცა პროგრამა სრულად გაიმართება, მოეწყობა გაჩერებები, ელექტრონული ეკრანები, მას შემდეგ ჩვენ დროს კიდევ გადავწევთ და ორი ან სამი კვირით ადრე, მოსახლეობას შევატყობინებთ კონკრეტულ თარიღს, საიდან გახდება ფასიანი ტრანსპორტი”,- განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.