როდის გაიხსნება Airbus-ის წარმომადგენლობა თელავში- ინტერვიუ Geo Sky-ის ვიცე-პრეზიდენტთან
უახლოეს პერიოდში საქართველოში, კერძოდ კი თელავში, Airbus-ის ვერტმფრენების ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება.
ამ დროისთვის თელავის აეროდრომთან ახლოს მოწყობილია სპეციალური ანგარი და გადამზადებულია პერსონალი, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში იმუშავებს. გარდა ამისა, ანგარმა უკვე გაიარა სერთიფიცირება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება რეგიონში პირველი წარმომადგნელობა. ანგარი გათვლილია Airbus -ის ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურეობისთვის და ასევე, მათ სადგომად.
დარეგისტრირდა Geo Sky Technics, რომელიც Geo Sky-ს შვილობილი კომპანიაა. Geo Sky-ის ვიცე-პრეზიდენტი შალვა კიკნაძე knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სერთიფიცირების შემდეგ, ანგარს მიენიჭა უფლება, განახორციელოს სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურეობა.
,,სერთიფიცირების გავლის შემდეგ, ავიაკომპანია Geo Sky-ს და Geo Sky Technics-ს Airbus-ის ტიპის ვერტმფრენებზე ტექნიკური მომსახურებობის ჩატარების უფლება მიენიჭა. ჯერ-ჯერობით, ჩვენ გვაქვს მიმდინარე პერიოდული ტექნიკური მომსახურეობის ჩატარების შესაძლებლობა. თუმცა, დავიწყეთ მოლაპარაკებები ავიაკომპანია Airbus-თან, რომელიც ასევე ვერტმფრენებს აწარმოებს, რომ ვუზრუნველყოთ 2023 წლის ბოლომდე საბაზისო ტექნიკური მომსახურეობის გაწევა მათი ვერტმფრენებისთვის. ეს შესაძლებლობას მოგვცემს სამომავლოდ, რომ ნებისმიერი სამუშაო Airbus-ის ვერტმფრენებზე ჩატარდეს საქართველოში, თელავში. ეს მომსახურება იქნება არა მხოლოდ ქართული ვერტმფრენებისთვის, აქ საუბარია, აგრეთვე, მეზობელ ქვეყნებში არსებულ ვერტმფრენებზეც. საქართველოში პირველია ეს ადგილი, რომელსაც ექნება შესაძლებლობავერტმფრენების საბაზისო ტექნიკური მომსახურეობა უზრუნველყოს ”,- განუცხადა Knews.ge-ს შალვა კიკნაძემ.
მისივე განმარტებით, კომპანიამ Airbus-იდან ჩამოიყვანა წარმომადგენელი, რომელმაც ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურის პირველადი დათვალიერება განახორციელა. შალვა კიკნაძის თქმით, მათ ასევე გადაეცათ Airbus-ის მოთხოვნები, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს თელავში არსებული ანგარი.
,,მანამ სანამ საქმიანობას დავიწყებთ, მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ეტაპი დავასრულეთ, რომელიც ითვალისწინებდა სერთიფიცირების საკითხს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. ასევე, Airbus-იდან ჩამოყვანილი გვყავდა წარმომადგენელი, რომელმაც ადგილზე განახორციელა არსებული ინფრასტრუქტურის პირველადი დათვალიერება. ამის შემდეგ, საფრანგეთში, მარსელში ვიმყოფებოდით და იქ გვქონდა მოლაპარაკებები. გარდა ამისა, მოგვაწოდეს Airbus-ის მოთხოვნები, რას უნდა შეესაბამებოდეს და აკმაყოფილებდეს არსებული ანგარი, თავისი ტექნიკური ბაზით და სხვა. ვფიქრობთ, რომ მარტის დასაწყისში შევუდგეთ მომზადებას და იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში მეორე ეტაპზე გადავალთ, რაც გულისხმობს Airbus-იდან უფრო სრულფასოვანი აუდიტის ჩატარებას. ჩამოვლენ სპეციალისტები, ადგილზე განახორციელებენ შემოწმებას და დადებენ ანგარიშს, აკმაყოფილებს თუ არა არსებული ინფრასტრუქტურა მოთხოვნებს. თუ არ იქნება რამე შესაბამისობაში, მოგვეცემა გარკვეული დრო მის მოსაგვარებლად. როდესაც ყველაფერს გამოვასწორებთ და ყველა მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ, გადავალთ შემდეგ ეტაპზე, რაც გულისხმობს უკვე საქმის დაწყებას”,- განაცხადა შალვა კიკნაძემ.
მისი თქმით, მომსახურე პერსონალმა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, გადამზადება საფრანგეთში გაიარეს.
,,ის ადამიანები ვინც იმუშავებენ ადგილზე, ყველა საქართველოს მოქალაქეა. ჩვენ უკვე დავასრულეთ მათი გადამზადება. ისინი სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ საფრანგეთიდან და უკვე ყველას გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია. ახლა საუბარია ტექნიკურად აღჭურვაზე, იმ მოთხოვნებით, რაც გააჩნია Airbus-ს. ანგარი აშენებულია თელავის აეროპორტთან ახლოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაცია პატარა ინსტიტუციაა სხვებთან შედარებით და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ურთიერთობა თელავის აეროდრომთან. სამომავლოდაც შეიძლება რომ ვითანამშრომლოთ”,- განაცხადა შალვა კიკნაძემ.
გარდა მიმდინარე პერიოდული მომსახურებისა, Geo Sky სამომავლოდ გეგმავს, Airbus-ის ვერტმფრენებზე კაპიტალური შეკეთების უფლება მოიპოვოს. ცნობისთვის, Airbus -სთან მოლაპარაკებების ფარგლებში, Geo Sky-მ უკვე შეიძინა ერთი ვერტმფრენიც, რომელიც საქართველოში დეკემბრის ბოლოს ჩამოვა.