თელავში ავტობუსებისთვის 18-მდე ახალი გაჩერება მოეწყობა
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულად მუშაობისთვის, უწყება სხვადასხვა სახის აქტივობებს ახორციელებს.
მისივე განმარტებით, ქალაქის ტერიტორიაზე დაგეგმილია 18 ახალი გაჩერების და მოსაცდელების მოწყობაც, რომელიც თანამედროვე სტანდარტების იქნება.
,,ქალაქის ცენტრალურ გზებზე მოეწყობა დაახლოებით 18 ახალი გაჩერება და ვფიქრობ, ეს ზოგადად თელავისთვის და ამ მიმართულების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მოქალაქემ იცოდეს სად უნდა გაჩერდეს ავტობუსი, ჰქონდეს საინფორმაციო დაფა და კარგი მოსაცდელი. დაგეგმილ და მიმდინარე სამუშაოებს, ალბათ თებერვლის ბოლომდე დავასრულებთ. ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ 16 იანვრიდან ავტობუსები ფასიანი გახდებოდა, მაგრამ სამუშაო პროცესში, ტექნიკურმა მხარემ, პროგრამულმა უზრუნველყოფამ და სხვა ფაქტორებმა, გაუთვალისწინებელი პრობლემები შეგვიქმნა და ამიტომ ვადას გადავწევთ. ჩვენ არ გვინდა მოსახლეობას შევთავაზოთ ისეთი სერვისი, რომელიც ბოლომდე არ იქნება დახვეწილი”,- განუცხადა knews.ge-ს ლევან ანდრიაშვილმა.