ახალი ამბები

მარტინენკო ამბობს, რომ ბერძენიშვილს ყვარელში ლექცია „ალტ-ინფომ“ არ ჩაატარებინა

პრორუსული „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო ამბობს, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილს ლექცია მათი ორგანიზაციის წევრებმა არ ჩაატარებინეს.

„ლევან ბერძენიშვილს (რომელმაც ერეკლე მეფე მოღალატედ მოიხსენია) ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის კახეთის განყოფილების წევრებმა ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინეს. ლიბერალებს ეგონათ, ისინი დაგვიდგენდენ ჩვენ მოძრაობის და ფუნქციონირების ნორმებს.

მაგრამ რეალურად პირიქითაა და ასე იქნება ყველგან, დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ, ჩვენ განვუსაზღვრავთ აწი, სად როგორი უფლებები ექნებათ. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ვადგენთ აქ წესებს,“ -წერს შოთა მარტინენკო.

გუშინ ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელმა ნიკა გურინმა, facebook-ზე დაწერა, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია უნდა ჩატარებული, თუმცა „სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილებმა” პიკეტირება მოაწყვეს და ამის გამო ორგანიზატორებმა, უსაფრთხოების მიზნით შეხვედრა გააუქმეს.

გურინი აცხადებს, რომ ევრო-ატლანტიკურ ცენტრში ლევან ბერძენიშვილის ლექციის გაუქმება მოუწიათ. როგორც ნიკა გურინი განმარტავს, ადგილზე სხვადასხვა რაიონიდან „ჩამოყვანილებმა“ პიკეტირება მოაწყეს და უსაფრთხოების მიზნთ, ლექცია გაუქმდა.

„ყვარელში ლევან ბერძენიშვილი გვყავდა მოწვეული ლექციის ჩასატარებლად ევრო-ატლანტიკურ ცენტრში. პიკეტირება მოგვიწყეს ჩამოყვანილებმა სხვადასხვა რაიონიდან, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის გაუქმება მოგვიწია. შენობაში ბევრი ბავშვი ელოდა შეხვედრას. ბატონი ლევანი ჩვენს სივრცემდე ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ ყველა შემოსასვლელი. აი, აქამდე მივედით ამ ქვეყანაში”,- წერს ის სოციალურ ქსელში და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მოგვიანებით ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ყვარლის ცენტრში ადგილამდე არ მიუშვეს. მას საჯარო ლექცია თემაზე: „ილია, ჩვენი ევროპელი მამა” უნდა ჩაეტარებინა.