ნარჩენების შემცირება და დონაცია- რა შესაძლებლობები არსებობს ამ კუთხით სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად
ყოველდღიურად, საეკლესიო თუ სხვა დღესასწაულებზე, ოჯახები ტრადიციულად სხვადასხვა სახის კერძებს ამზადებენ, რომელთა დიდი ნაწილიც შემდეგ გადასაყრელი ხდება. ამის პარალელურად კი ყოველწლიურად უარესდება ეკონომიკური მდგომარეობა, იზრდება პროდუქტებზე ფასები და სოციალურად დაუცველ ოჯახთა რაოდენობა.
საზოგადოების ნაწილი ინიციატივით გამოდის და აცხადებენ, რომ უნდა შეიქმნას ორგანიზებული ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ გამოუყენებელი საკვების ან საკვები პროდუქტების შეგროვებას და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის მიწვდას.
თელავში მცხოვრები ეკა ძებისაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ინიციტივის შემთხვევაში ის მზად არის სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად გაიღოს სხვადასხვა სახის პროდუქტები.
,,ძალიან კარგი იქნება თუ შეიქმნება ასეთი ჯგუფი, რომელიც მოსახლეობაში მოაგროვებს სხვადასსხვა სახის მზა თუ გასამზადებელ პროდუქტს, დაახარისხებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიაწვდის. განსაკუთრებით დღესასწაულებზე, ახალ წელს, შობას, სხვა საეკლესიო დღეების დროს, ბევრი პროდუქტები მზადდება სახლში, რომელიც შემდეგ იყრება. ასეთი ოჯახები თუ მოაგროვებენ და სხვებს დაეხმარებიან, ძალიან კარგი იქნება. ჩვენი დახმარებით, ერთ ან ორ ოჯახს, რამდენიმე დღე საკვები ექნება.”
თელავში მცხოვრები ახალგაზრდა ქველმოქმედი, მაცაცო მეგრელიშვილი აცხადებს, რომ სურსათის ბანკის ან გარკვეული ჯგიფის შექმნა, რომელიც საკვებს მოაგროვებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიაწვდის, მნიშვნელოვანია.
,,საქართველოში სურსათის ბანკის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი ადამიანისათვის, შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი იყოს. დღეს, ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხს შია, ზოგჯერ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრს, პურიც კი არ აქვს. რატომ უნდა იყრებოდეს საკვები ნაგავში? ეს იქნება, შესაძლებლობა, რომ გარკვეული სექტორის წარმომადგენლებს, საკვების არა ჩამოწერის და გადაყრის, არამედ დონაციის საშუალება მიეცემათ. რაც მეტი შესაძლებლობა გაჩნდება იმისა, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ”,- განუცხადა Knews.ge-ს მაცაცო მეგრელიშვილმა.
სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად, საქართველოში სურსათის ბანკის შექმნა იგეგმება, რის ფარგლებშიც რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სურვილის შემთხვევაში საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებენ. შესაბამისი კანონმდებლობის დარეგულირებასა და სისტემის გამარტივებაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს. ამავდროულად, სურსათის უვნებლობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ნორმატიული აქტებიც იქნება შემუშავებული, თუ რომელი საკვები პროდუქცია არის მაქსიმალურად უსაფრთხო იმისთვის, რომ ამგვარ ციკლში ჩაერთოს. ამის ფარგლებში, შეიქმნება სისტემა, სადაც ლოკაციის მიხედვით დარეგისტრირდება მიმღები მხარე, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც ასევე ლოკაციის პრინციპით მიებმება შესაბამისი ბენეფიციარი.
როგორც დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება წელს მოხდება, მისი მიღება კი საგაზაფხულო სესიისთვის იგეგმება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ „სურსათის ბანკის“ პროგრამაში მხოლოდ სუპერმარკეტები ჩაერთვებიან, „ჰორეკა“ სექტორი კი, რომელიც კანონპროექტის შემუშავების პირველ ეტაპზე განიხილებოდა, თავდაპირველად სისტემაში არ იქნება.
„გასული წლის დასაწყისში დავიწყეთ ინტენსიურად მუშაობა სურსათის დონაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე, იგივე სურსათის ბანკზე. სისტემა გულისხმობს კარგი ევროპული პრაქტიკის გადმოღებას საქართველოში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთის მხრივ, სურსათი, რომელიც არ არის საფრთხის შემცველი და გამოსაყენებელია მოხმარებისთვის, გადაეცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ამისი საჭიროება აქვთ და მოხმარებული იყოს საქველმოქმედო მიზნებისთვის და ამავდროულად შევამციროთ სურსათის დანაკარგები, რომლებიც ახლა სისტემატიზებული არ არის“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, მათ ამ კანონპროექტზე მუშაობა FAO-სთან ერთად დაიწყეს, უცხოელი ექსპრტების ჩართულობით. მისივე თქმით, პროექტი არ მოიცავს მხოლოდ სოციალურად დაუცველთა სურსათით დაკმაყოფილების იდეას, რადგან სტატუსის გარდა, ბევრი ადამიანია, ვისაც ამისი საჭიროება აქვს.
„ამ პროდუქციის სამართლიანად განაწილება, თავად საქველმოქმედო ორგანიზაციის პასუხისმგებლობა იქნება, კანონში ის არ გაიწერება. იყო ვარაუდი, ხომ არ შეგვეზღუდა მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ოჯახი და ადამიანია, ვისაც არ აქვთ ეს სტატუსი, მაგრამ ძალიან დაბალი ქულებით იყოს შეფასებული. ის შეიძლება საჭიროებდეს ამგვარ დახმარებას. ამიტომ არ გვინდა, რომ კონკრეტულად ჩაკეტოთ ეს წრე“,- განაცხადა წილოსანმა.