თენგიზ ცერცვაძე-ჯანდაცვის სამინისტრომ დააყენა შუამდგომლობა, რომ გაძლიერდეს კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე კონტროლი გაძლიერდეს.
მისი თქმით, ამის შუამდგომლობა ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობის წინაშე დააყენა და მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, გამკაცრდება თუ არა საზღვარზე ჩინეთიდან ჩამოსული პირების კონტროლი.
„COVID კონტროლი საზღვარზე, კერძოდ, COVID-ზე ტესტის შედეგის მოთხოვნა ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე კლინიკური ჯგუფის და სამინისტროს კომპეტენციას სცილდება. ჯანდაცვის სამინისტრომ შუამდგომლობა დააყენა მთავრობის წინაშე, რომ სასურველია გაძლიერდეს კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე. ეს ბევრმა ქვეყანამ გააკეთა. კერძოდ, საუბარია, რომ ყველა ჩამოსულ პირს მოეთხოვოს კორონავირუსის ტესტის პასუხი. მხოლოდ უარყოფითი პასუხის მქონე პირები დაიშვან ქვეყანაში. ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება, მათზე უარყოფითი პასუხი გავრცელდეს ქვეყანაში შემოსვლაზე.
არ ვიცი, მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მათზეა დამოკიდებული, აქ ცოტა პოლიტიკური საკითხიც არის, რომ არ შეიზღუდოს მიმოსვლა. ჩემი აზრით, ამის გაკეთება აუცილებელია“, – აღნიშნავს ცერცვაძე.