მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ახალი პორტალი შეიქმნება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში „საქსტატი“ მუნიციპალური სტატისტიკის პორტალს წარადგენს, სადაც მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია იქნება დატანილი.
როგორც თოდრაძემ აღნიშნა, გარდა ამისა, 2023 წელს „საქსტატი“ მონაცემთა შეგროვების პროცესში ქაღალდურ კითხვარს აღარ გამოიყენებს.
„ჩვენ მთლიანად გავხდებით ე.წ. paper less ოფისი. დაახლოებით, 245-მდე გამოკვლევას ვატარებთ, რომლის ფარგლებშიც, 50 ათასზე მეტ ბიზნესსუბიექტს და უფრო მეტ შინამეურნეობას გამოვიკითხავთ. ეს იქნება მონაცემთა გაუმჯობესების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი.
ასევე, მიმდინარე წელს, დაგეგმილი გვაქვს მუნიციპალური სტატისტიკის განვითარება. ამ მიმართულებით იანვარ-თებერვალში საზოგადოებას შევთავაზებთ ახალ ინტერაქტიულ პორტალს. ეს იქნება მუნიციპალური სტატისტიკის პორტალი, რომელიც გააერთიანებს ჩვენ ხელთარსებულ და ასევე, ადმინისტრაციულ მონაცემებში არსებულ ინფორმაციას, დაახლოებით 100-მდე ინდიკატორს მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა თოდრაძემ.