ლაგოდეხში ახალგაზრდები ინიციატივების განსახორციელებლად, აუქციონის მეშვეობით თანხის შეგროვებას გეგმავენ
ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდებისგან შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ,,ლაგოდეხისთვის” წევრები, ინიციატივების დასაფინანსებლად, აუქციონის გამართვას და თანხის ამ გზით მოგროვებას გეგმავენ.
საინიციატივო ჯგუფის ლიდერის, სალომე ღონღაძეს თქმით, სანამ იდეების შეგროვებას დაიწყებდნენ, მანამდე მოხდა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში კვლევის ჩატარება, რომლის შემდეგაც გამოიკვეთა, რომ ინოვაციური პროექტების და აქტივობების განსახორციელებლად, ამ ეტაპზე თელავის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში არიან მზად.
სალომე აღნიშნავს, რომ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის ფარგლებში და მათი ფინანსური მხარდაჭერით, ადმინისტრირაციული ხარჯების გამოყოფა მოხდება. ადგილობრივი იდეების დასაფინანსებლად კი იდეების კონკურსს გამოაცხადებენ, სადაც თანხის შეგროვება მოხდება.
,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ახორციელებს პროექტს ლაგოდეხში, საინიციატივო ჯგუფების მხარდასაჭერად. ამ ყველაფრის მიზანია, რომ შეიქმნას სათემო ფონდი, რომელსაც ექნება მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსების შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებით. პირველ ეტაპზე ჩატარდა კვლევა კახეთის მუნიციპალიტეტებში და აღმოჩნდა, რომ სხვებისგან განსხვავებით, ლაგოდეხსა და თელავში გამოითქვა მზაობა ქველმოქმედებაში გარკვეული თანხის ჩადებისა სხვადასხვა ჯგუფებიდან.
გარდა ამისა, ასევე შევქმენით საინიციატივო ჯგუფი ,,ლაგოდეხისთვის”. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ კი თანხა გამოიყოფა მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯებისთვის. სამი თანამრომელი ვართ და მუშაობისთვის გვჭირდება ლეპტოპი, ოფისი, იდეების აუქციონისთვის სამზადისი.
იდეების აუქციონი არის ევროპული მოდელი და ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებსაც მოეწონებათ კონკრეტული იდეა, ჩადებენ თანხას მის განხორციელებაში”,- განუცხადა Knews.ge-ს სალომე ღონღაძემ.
სალომეს თქმით, მათთან სულ 13 იდეა შევიდა, საიდანაც კომპეტენტურმა ჟიურიმ 3 აარჩია. უახლოეს პერიოდში კი აღნიშნული იდეების დამუშავება, პრეზენტაციების მომზადება და იდეების აუქციონზე მისი განხორციელებისთვის თანხის შეგროვება მოხდება.
,,კომპეტენტურმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული იდეა შეარჩია წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით. ესენია: პირველია ააიპ შეზღუდული შესაძლებლობისა და მზრუნველობამოკლებულთა ორგანიზაცია “მადლი” -ს იდეა. მათ სურთ სენსორული ოთახის შექმნა შშმ პირებისთვის. მეორე იდეა ეკუთვნის სსიპ მიხელ გაფრინდაშვილის სახელობის # 1 საჯარო სკოლას. მათი ინიციატივაა ვებ გვერდის შექმნა პროფესიონალი და ენთუზიასტი პროგრამისტებისთვის. მესამე იდეა კი სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლას ეკუთვნის, რომლებსაც სკოლაში უნდათ მუსიკალური სივრცის მოწყობა.
აღნიშნული იდეები შეირჩა კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომელიც შედგებოდა 7 წევრისგან. მასში იყვნენ წარმოდგენილი ადგილობრივი ბიზნესის, თვითმმართველობის, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ორგანიზაცია ,,საგას” წარმომადგენელი გიორგი ბოკერია და აქტიური მოქალაქე. წარმოდგენილი ინიციატივების გადარჩევა მოხდა და ქულების მიხედვით დასახელდა 3 საუკეთესო იდეა”,- აღნიშნავს სალომე.
ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ლიდერი აცხადებს, რომ იდეების აუქციონის გამართვა დაგეგმილია 24 თებერვალს, სადაც მოწვეული იქნება 150-მდე წარმომადგენელი სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც იდეების პოტენციური დამფინანსებლები არიან.
,,სანამ აუქციონი გაიმართება, იდეის ავტორები უნდა მოვამზადოთ პრეზენტაციისთვის. 24 თებერვალს გაიმართება იდეების აუქციონი, სადაც 150-მდე ადამიანი უნდა მოვიწვიოთ, რომლებმაც მის დასაფინანსებლად უნდა გაიღონ 50 ლარი. ჩვენ მათთან გვაქვს წინასწარ კონტაქტი, ვიცოდით მათი პრიორიტეტული მიმართულებები და შესაბამისად, ეს სამი იდეა სხვადასხვა სფეროდან შევარჩიეთ იმიტომ, რომ მათთვის ყოფილიყო საინტერესო.
თითოეული იდეისთვის უნდა შეგროვდეს მინიმუმ 2 500 ლარი. აღსანიშნავია, რომ იდეებს ეყოლებათ თავისი ლობისტი, რომელიც გამოვა და იტყვის რატომ უჭერს მხარს ამ იდეას. იდეების აუქციონი ძალიან საინტერსო პროცესი იქნება. იქვე მოხდება თანხის დადება ან მითითებულ ანგარიშზე დარიცხვა. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და ყველას ეცნობება იდეა განხორციელების რა პროცესშია, რა კეთდება და აშ.
ჩვენ თუ ამ აუქციონს ჩავატარებთ კარგად, შემდეგ იქნება მეორე ფაზა, რომელიც ითვალისწინებს ლაგოდეხში საქველმოქმედო ფონდის ფორმირებას, რომელსაც ექნება სხვადასხვა მიმართულებით იდეების დაფინანსების შესაძლებლობა”,- აცხადებს სალომე ღონღაძე.