რა უნდა იცოდეთ ჩუტყვავილას შესახებ
ჩუტყვავილას ვირუსი, ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს ადამიანებისთვის, კახეთში კი ბოლო პერიოდში გახშირდა ამ ვირუსის გავრცელების ფაქტები, სწორედ ამიტომ გთავაზობთ სიანფორმაციო მასალას, რათა იცოდეთ თუ რასთან გაქვთ საქმე და როგორ უნდა გაუმკლავდეთ.
ჩუტყვავილა :
ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ზომიერი ან ცოტათი მომატებული ტემპერატურით კანსა და ლორწოვანზე ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყრით.
იგი გადამდებია ბუშტუკების გამოყრის დასაწყისიდან გამონაყარის უკანასკნელი ელემენტის გამოჩენიდან 5 დღემდე. როგორც სხვა მრავალი ინფექციური დაავადებისას, გადაცემის გზა – ჰაერწვეთოვანია. ვირუსი ჰაერის ნაკადით შეიძლება სხვა სართულებსა და მეზობელ ბინებშიც გავრცელდეს. სიცოცხლის პირველი 6 თვე ბავშვები თანდაყოლილი იმუნიტეტის გამო იშვიათად ავადობენ, თუმცა შესაძლებელია ახალშობილებთანაც განვითარდეს. ჩვეულებრივ, ავადობა 5-10 წლის ბავშვებთან გვხვდება, თუმცა უფროსების დასნებოვნებაც შეიძლება.
აღსანიშნავია, რომ დაავადების შემდეგ იმუნიტეტი მყარია მთელი ცხოვრების მანძილზე. ჩუტყვავილა სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებად არ მიიჩნევა. ძალიან იშვიათია მძიმე ფორმები, ძირითადად იმ პაციენტებთან, რომლებიც მძიმე დაავადებებს ებრძვის.
რა ზიანს იწვევს:
ვირუსი ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში ხვდება, რომლის უჯრედებში მრავლდება ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში. შემდგომ ვირუსი ხვდება სისხლში და მთელ ორგანიზმში ვრცელდება. გამრავლებისას ის იწვევს ტიპურ, “ბუშტუკოვან” გამონაყარს. მძიმე ფორმისას ასეთი ბუშტუკები შეიძლება შინაგან ორგანოებზეც აღმოჩნდეს (ღვიძლი, ფილტვები, თირკმელები).
ჩუტყვავილას ხანგრძლივობა:
ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10-21 დღე. ზოგჯერ გამონაყარის გამოვლინებამდე 1-2 დღით ადრე აღინიშნება შეუძლოდ ყოფნა, მაგრამ ხშირად დაავადება იწყება ლოყების, სასის, ენის ლორწოვან გარსებსა და კანზე (თავის თმიან ნაწილსა და სახეზე, მაგრამ შეიძლება კიდურებსა და ტანზეც) ბუშტუკების გაჩენით. ხელისა და ფეხის გულებზე, როგორც წესი, გამონაყარი არ ჩნდება.
დასაწყისში ვლინდება წითელი ლაქები და უახლოეს საათში წარმოიქმნება 3-5 მმ დიამეტრის გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკები. შემდგომში ბუშტუკების ადგილზე ჩნდება ქერქები, რომლებიც 7 დღის ვადაში შრება და ძვრება უკვალოდ. გამონაყარი ვლინდება 2-5 დღის განმავლობაში არა ერთდროულად, ამიტომ კანზე სხვადასხვა სტადიის გამონაყარი აღინიშნება – ლაქებიდან ქერქებამდე. ჩუტყვავილა შეიძლება ტემპერატურული რეაქციის გარეშე მიმდინარეობდეს, მაგრამ ხშირად აღინიშნება მისი მატება 38-38,5OС-მდე.
სხეულის ტემპერატურის მომატება ემთხვევა ბუშტუკების დიდი რაოდენობით გამოყრას. ახალი ბუშტუკების აღმოცენების შეწყვეტის შემდეგ ტემპერატურაც ნორმალიზდება. პაციენტის საერთო მდგომარეობა არ უარესდება. დაავადების ხანგრძლივობა 1,5-2 კვირაა. არსებობს გარკვეული დამოკიდებულება გამონაყარს, ტემპერატურასა და მდგომარეობის სიმძიმეს შორის. რაც მეტია გამონაყარი, მით მაღალია ტემპერატურა და უფრო მძიმეა დაავადება.
ძალიან იშვიათია ჩუტყვავილას მძიმე ფორმები, რაც ძირითადად დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ბავშვებს აღენიშნებათ და სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს.
გართულებები შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად: ვირუსით გამოწვეული გართულებები და ჩუტყვავილათი დაავადებისას სხვა მიკრობებით დასნებოვნება.
პირველ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ენცეფალიტი, ნერვების დაზიანება, მენინგიტი, თირკმლის დაზიანება. ხახის ლორწოვანზე ბუშტუკების გაჩენისას შეიძლება დაირღვეს სუნთქვა, რაც კრუპის სახელითაა ცნობილი. შესაძლოა განვითარდეს ფილტვების ანთებაც (ძირითადად, მოზრდილებთან). ასეთი გართულებები ძალიან იშვიათია.
მეორე სახის გართულებები, მათ შორის – ბუშტუკის დაჩირქება, შუა ყურის ანთება, ლიმფური კვანძების ანთება, იშვიათია და კარგად ექვემდებარება მკურნალობას.
მკურნალობა :
დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად, ჩუტყვავილას ვირუსის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს. სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე თვითმკურნალობა და მედიკამენტების მიღება არ არის მიზანშეწონილი.