როგორ აფასებენ მძღოლები გამკაცრებულ რეგულაციებს
2023 წლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ხმაურის შემოწმების ვალდებულება და ხმაურის დონის (დეციბალებში) საშუალო მაჩვენებელის დადგენა ხდება, ბენზინის ძრავიანი ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდა, ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის საფასური გაიზარდა- ეს და სხვა რეგულაციები მძღოლებისთვის იანვრიდან ამოქმედდა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
რეგიონებში მცხოვრები მძღოლების თქმით, გამონაბოლქვის კონტროლი კარგია, თუმცა მანამდე, სანამ რეგულაცია ამოქმედდებოდა, უნდა შემოწმდეს და გაუმჯობესდეს ქვეყანაში შემოსული საწვავის ხარისხი. მძღოლების თქმით, ეს საკითხი დიდი ხანია მოსაგვარებელია.
,,მანქანების კატალიზატორი გათვლილია კარგ საწვავზე და აქ სად გვაქვს ეს? ანდა კიდევ ზღვარს რომ ეწევიან ახალი მანქანები დაარიგეს? სულ მაინტერესებს სხვა ქვეყნებს რომ ვბაძავთ, ერთი ქარხანა არ მუშაობს საქართველოში რომელიც აბინძურებს გარემოს? თუ მართლა ბუნება აინტერესებთ, გაზზე მომუშავე მანქანებს ბენზინზე ნუ დაახარვეზებენ. ზოგი ბენზინზე სულ არ მუშაობს. გარდა ამისა, ჯერ ხარისხიანი საწვავი უნდა იყოს ქვეყანაში და მერე გამკაცრდეს რეგულაციები”,- აცხადებენ knews.ge-სთან საუბრისას თელავში მცხოვრები მძღოლები.
მძღოლები ასევე აღნიშნავენ, რომ მანქანის გამონაბოლქბზე შემოწმებამდე, გარდა საწვავის ხარისხისა, ასევე უნდა მოხდეს დაზიანებული გზების რეაბილიტაცია, რომელიც მანქანას აზიანებს და ბევრ პრობლემას უჩენს.
,,მანამდე კარგი იქნებოდა ჯერ გზებს მიხედონ. იგივე ტექდათვალიერებამდე სანამ მიიყვან, მაქამდე უამრავი ბარიერია გადასალახი, რომ მანქანა გამართო და არაფერი მოუვიდეს. პირდაპირ რომ აკისრებთ მანქანის მძღოლებს ჯარიმებს, როგორ ფიქრობთ ის ფული საიდან უნდა მოიტანონ. ნებრ ევროპულ ქვეყანაშია მსგავსი რეგულაციები, მაგრამ იქ დანარჩენი სხვა პრობლემებია მოგვარებული და მსგავსი კანონები მძღოლებს პრობლემებს არ უჩენს”,- აცხადებს თელავში მცხოვრები მიხეილ ხმალაძე.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნული რეგულაციები ერთის მხრივ ხელს შეუწყობს იმას, რომ მეტი გამართული მანქანა ივლის, მეორეს მხრივ კი მანქანების და ტაქსით გადაადგილების ფასს გაზრდის.
რეგულაციების პარალელურად, საქართველოში ყოველწლიური სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირების ცენტრებში მისული ავტომფლობელების რაოდენობა. აკრედიტაციის ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში აკრედიტაციის ცენტრებს პერიოდული ტექნიკური დათვალიერებისთვის 693 978-მა ავტო-მფლობელმა მიმართა, საიდანაც 491 212 ავტომობილი გამართული იყო, 200 134 გაუმართავი, აქედან 2 632-ს კი გადაადგილება აეკრძალა.
ახალი რეგულაციების მიხედვით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ძალაში შედის გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტი, რაც ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელ გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO-ს) შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას გულისხმობს. კერძოდ, ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდება და გახდება 0.55% ძრავის უქმ სვლაზე.
“საწყის ეტაპზე – 2017 წელს, გამონაბოლქვის დასაშვები ნორმების გამკაცრების გადავადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სტატისტიკური ინფორმაციის გათვალისწინებით, რადგანაც საქართველოს ავტოპარკი მზად არ იყო რეგულაციების გამკაცრებისთვის, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებული მთლიანი საავტომობილო პარკის დაახლოებით 50% ვერ დააკმაყოფილებდა CO-ის შემცველობასთან დაკავშირებულ სტანდარტს და დახარვეზდებოდა.
იმ მიზნით, რომ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, პანდემიის პირობებში მისცემოდათ დრო და საშუალება, რათა გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოებისთვის მოეწესრიგებინათ მათ მფლობელობაში არსებული ავტომობილები, ზემოაღნიშნული ცვლილებებით დადგინდა 2023-2025 წლებისთვის განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელი CO-ს კოეფიციენტის განსაზღვრის გარდამავალი ეტაპები.
ცვლილებების თანახმად, 2024 წელს გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 0.5%-ს, 2025 წლიდან კი ძრავის უქმ სვლაზე – 0.5%, ხოლო ძრავის უქმ სვლაზე მაღალ ბრუნთა რიცხვით – 0.3% უნდა შეადგინოს.
აღნიშნული ნორმების ეტაპობრივი გამკაცრების შემდგომ 2025 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება სრული შესაბამისობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საავტომობილო პარკის ეკოლოგიურ მდგომარეობას და შეამცირებს ავტომობილის გამონაბოლქვის შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანს”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ძალაში გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტი შევიდა, რაც ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელ გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO-ს) შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას გულისხმობს.
კერძოდ, ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდება და ძრავის უქმ სვლაზე 0.55% გახდება.
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის თქმით, ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლის მიზნით წელს დიდ ქალაქებში სპეციალური ეკიპაჟები შეიქმნება, რომლებიც გზებზე ამ მიმართულებით კონტროლს განახორციელებენ. ვაჟა იორდანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ტექინსპექტირება გავლილი ავტომობილების კონტროლი ძირითადად ჭკვიანი კამერების იმედადაა დარჩენილი.
გარდა ამისა, 2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის გაზრდილი საფასური მოქმედებს. 1-ელ იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის ინიციატივით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასური ძვირდება.
კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი ხდება, ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი იქნება. ცვლილებები “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში განხორციელდა.